მარნეულში აზერბაიჯანელი სტუდენტების და მოსწავლეების მონაწილეობით ნარკომანიის მავნე ზემოქმედების შესახებ შექმნილი სოციალური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა.
„აჰენგის ახალგაზრდული კავშირის“ ინიციატივით მომზადებული სოციალური ფილმი მიზნად ისახავს ნარკომანიის მავნე ზემოქმედების შესახებ საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების, ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ფილმის პრეზენტაციას საზოგადოების წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ერთად კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგული პროექტების მენეჯერი ჯეიჰუნ მუჰამედალი დაესწრო.
კავკასიის უნივერსიტეტმა მხარი დაუჭირა ახალგაზრდების სოციალურ ინიციატივას და ფილმის შექმნაში მონაწილე 8 ახალგაზრდა მადლობის სიგელებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა.
დაჯილდოებულთა შორის არიან ფილმის იდეის ავტორი და მთავარი რეჟისორი დინარ აჰმედოვი, ასევე ფილმში მონაწილე ახალგაზრდები - გურბან კასუმოვი, მუჰამედ ზარგაროვი, თარხან ომაროვი, აისუნ მურსაკულოვა, ზამირა ისაევა, ლამან ნაბიევა და ელმინაზ ოსმანოვა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ჯეიჰუნ მუჰამედალიმ ახალგაზრდებს სოციალური ინიციატივისა და აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საზოგადოებისათვის აქტუალურ საკითხებზე ორიენტირებულ პროექტებში ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობას და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
