CSG-ის ლექტორისა და სტუდენტების თანამშრომლობით შექმნილი ანალიტიკური ციფრული ჟურნალი „SSI Youth Voices“

13 ოქტომბერი 2026

კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) სტუდენტებსა და ლექტორებს შორის პროფესიული თანამშრომლობა ხშირად სცდება აუდიტორიისა და სასწავლო კურსის ფარგლებს და დამოუკიდებელ ინიციატივებში, კვლევით საქმიანობასა და პროფესიულ პრაქტიკაში გრძელდება.

 

აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითია უსაფრთხოებისა და თანამედროვე საფრთხეების საკითხებზე ორიენტირებული პოპულარული აკადემიური ონლაინ გამოცემა SSI Youth Voices, რომლის პირველი ნომერი 2026 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა.

 

გამოცემის შექმნის ინიციატივა ეკუთვნის კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის ჰიბრიდული საფრთხეების კურსის ლექტორს, მეგი ბენიას. იდეის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთნენ სკოლის დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, რომლებმაც გამოცემის მომზადების პროცესში ავტორობის პარალელურად მიიღეს პრაქტიკული გამოცდილება სარედაქციო საქმიანობის, ტექსტებზე მუშაობის, გამოცემის მომზადებისა და პუბლიკაციის პროცესის მართვის მიმართულებით.

 

განსაკუთრებული როლი გამოცემის პირველი ნომრის მომზადებაში კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტრატეგიული საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, სალომე ნადაშვილმა შეიტანა, რომელმაც ლექტორთან მეგი ბენიასთან ერთად მთლიანი ნომრის რედაქტირება ითავა. გამოცემას ჰყავს CSG-ის კურსდამთავრებულებისგან შემდგარი სარედაქციო გუნდი, რაც ახალგაზრდა ავტორებს შესაძლებლობას აძლევს, თანატოლებთან თანამშრომლობით გაიარონ ტექსტის მომზადებიდან მის გამოქვეყნებამდე არსებული პრაქტიკული პროცესი.

 

პირველ ნომერში გამოქვეყნებულია სახელმწიფო მართვის სკოლის რვა კურსდამთავრებულის ნაშრომი, რომლებიც თანამედროვე უსაფრთხოების, ჰიბრიდული საფრთხეების, საინფორმაციო ოპერაციების, შეკავებისა და თანამედროვე ომის სხვადასხვა ასპექტს ეხება:

 

  • ანა კაკულია, „სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ზღვარს მიღმა: რუსეთის მიერ „ვაგნერის ჯგუფის“ გამოყენება ბახმუტში“
  • ლიზი თოლორდავა, „უკრაინის საინფორმაციო ოპერაციები: ნარატივებისთვის ბრძოლა 2022 წლის რუსეთ-უკრაინის ომის დროს“
  • დავით ბაქრაძე, „გავლენის ოპერაციებისა და ჰიბრიდული საშუალებების გავლენა კონვენციურ ომზე“
  • რატი მამალაძე, „ჰიბრიდული ომი და კონფლიქტის ცვალებადი ბუნება: გავლენა სახელმწიფო უსაფრთხოებაზე 2006 წლის ჰეზბოლა-ისრაელის კონფლიქტის მაგალითზე“
  • ლიზი ონიანი, „რუსეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს წინააღმდეგ: ჰიბრიდული საფრთხეები და სტრატეგიული აზროვნება“
  • ქეთევან იოსელიანი, „დემოკრატიული შეკავება რუხ ზონაში: NATO და კრიტიკული წყალქვეშა ინფრასტრუქტურა ბალტიის ზღვაში“
  • ანა ჯავახიშვილი, „რუსეთის გავლენის ოპერაციები შეერთებული შტატების წინააღმდეგ 2016 და 2024 წლების საპრეზიდენტო არჩევნების დროს“
  • ლუკა ბერიძე, „რუსეთის დაშოშმინება: კრემლის აგრესიული პოლიტიკის ესკალაცია და დასავლეთის რბილი შეკავების მარცხი“

 

SSI Youth Voices ახალგაზრდა ავტორებს აძლევს შესაძლებლობას, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და კვლევითი გამოცდილება გარდაქმნან ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილ ანალიტიკურ ნაშრომებად და, ამავე დროს, პრაქტიკაში გაეცნონ პუბლიკაციის შექმნის სხვადასხვა ეტაპს.

 

ეს ინიციატივა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და ლექტორებს შორის პროფესიული, პრაქტიკული და აუდიტორიის მიღმა თანამშრომლობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. სასწავლო პროგრამის კვლევაზე ორიენტირებული გარემო და სწავლების პროცესში დაწყებული პროფესიული ურთიერთობა დამოუკიდებელი იდეების, გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის საფუძველი ხდება.

 

SSI Youth Voices გამოცხადებული აქვს ნაშრომების მიღება მეორე ნომრისთვის - The Future of Warfare: How Conflict Is Changing in the 21st Century. გამოცემა ღიაა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ წარადგინონ ორიგინალური კვლევითი ესეები  თანამედროვე ომისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის საკითხებზე.