კავკასიის უნივერსიტეტი მონაწილეობდა სეულში გამართულ IAUP-ის 60 წლის იუბილესა და ნახევარწლიურ შეხვედრაში

15 ოქტომბერი 2025

13–15 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა,  კახა შენგელიამ და ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, მონაწილეობა მიიღეს  უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) 60 წლის იუბილესა და ნახევარწლიურ შეხვედრაში, რომელიც სეულში, კორეის რესპუბლიკაში გაიმართა.

 

ღონისძიებას უმასპინძლა სეულსის კიბერ უნივერსიტეტმა (Seoul Cyber University, SCU) IAUP-თან თანამშრომლობით. კონფერენციამ 40-ზე მეტი ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პრეზიდენტები, რექტორები და ხელმძღვანელები შეკრიბა თემის გარშემო – უმაღლესი განათლების ახალი ხედვა: ინოვაცია, ჩართულობა და გლობალური თანამშრომლობა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში“.

 

გახსნის ოფიციალური ცერემონია შედგა IAUP-ის პრეზიდენტის, დოქტორ შონ ჩენის მისალმებით, ასევე, კორეის რესპუბლიკის განათლების მინისტრის ჩოი კიო-ჯინის, კორეის უნივერსიტეტთა განათლების საბჭოს პრეზიდენტის ო-ბონ იანგის და ამერიკის განათლების საბჭოს (ACE) პრეზიდენტის ტედ მიტჩელის მისასალმებელი სიტყვებით.

 

იუბილეს ფარგლებში, დაჯილდოვდნენ IAUP-ის ყოფილი პრეზიდენტები ასოციაციის გლობალურ მისიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - მათ შორის,  კახა შენგელია, რომელიც IAUP-ის პრეზიდენტი 2017–2020 წლებში იყო.

 

კახა შენგელიამ  უხელმძღვანელა სესიას თემაზე – თანამშრომლობის გზები: უნივერსიტეტების პარტნიორობა ციფრულ ეპოქაში,“ სადაც იაპონიის, კორეის, მექსიკის, რუმინეთისა და მალაიზიის წარმომადგენლებმა განიხილეს ახალი მოდელები აკადემიური თანამშრომლობისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით.

 

ღონისძიების ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს (MoU) სეულსის კიბერ უნივერსიტეტთან (Seoul Cyber University) და სიამის უნივერსიტეტთან (Siam University, ტაილანდი). აღნიშნული შეთანხმებები მიზნად ისახავს აკადემიური გაცვლის, ერთობლივი პროგრამების, ინოვაციებისა და მეწარმეობის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს კავკასიის უნივერსიტეტის სტრატეგიულ ჩართულობას აზიის რეგიონში.

 

60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი IAUP-ის შეხვედრა გახდა მნიშვნელოვანი ეტაპი ორგანიზაციის ისტორიაში,  იგი აღნიშნავდა ლიდერობის, ჩართულობისა და გლობალური თანამშრომლობის გაგრძელებას უნივერსიტეტების პრეზიდენტებს შორის, რომლებიც ერთიანდებიან უმაღლესი განათლების განვითარებისთვის მსოფლიო მასშტაბით.