კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების ევროპულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

22 სექტემბერი 2026

14-16 სექტემბერს, ქალაქ ბათუმში გაიმართა მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების (ECEIA 2026) შესახებ, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ჩოკორაია და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის დირექტორი დავით წიკლაური მონაწილეობდნენ.

 

კონფერენციაზე თამარ ჩოკორაიამ წარადგინა მოხსენება - „საქართველოსა და ევროპის კერძო უნივერსიტეტების შედარებითი მიმოხილვა კვლევის კეთილსინდისიერების, ეთიკისა და ხარისხის კონტექსტში. მოხსენება დაეფუძნა თამარ ჩოკორაიას, დავით წიკლაურის, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის მაია მაჭავარიანისა და კვლევის ხელშეწყობის დეპარტამენტის მენეჯერის ნინო მახაურის ერთობლივ კვლევას. მკვლევრებმა შეისწავლეს ევროპის რამდენიმე უნივერსიტეტის საუკეთესო გამოცდილება, განსაზღვრეს ქართული უნივერსიტეტებისთვის სამიზნე ნიშნულები, შეაფასეს მათთან მიმართებით საქართველოს კერძო უნივერსიტეტების მიღწევები და გამოწვევები და შეიმუშავეს შემდგომი განვითარების რეკომენდაციები.

 

ECEIA 2026-ის ორგანიზატორია ევროპის აკადემიური ქსელი (ENAI), კონფერენცია ტარდება ყოველწლიურად. წლევანდელი კონფერენციის მასპინძელი და თანაორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენციის ფარგლებში ცალკე სესია მიეძღვნა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტის - „კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ - შედეგების დისემინაციას.

 

ღონისძიებამ გააერთიანა მკვლევრები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, პოლიტიკის შემქმნელები და პრაქტიკოსები სხვადასხვა ქვეყნიდან და მოიცვა კვლევის ეთიკის, აკადემიური და კვლევის კეთილსინდისიერებისა და პასუხისმგებლიანი კვლევის აქტუალური საკითხები.

 

პროექტის შესახებ

 

პროექტის ძირითადი მიზანია ქართულ უნივერსიტეტებში კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესება.

 

პროექტის კოორდინატორი

 

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.