სამართლის სკოლამ ჰელგა პიდერსენის სახელობის იმიტირებულ სასამართლო პროცესზე წარმატებით იასპარეზა

22 მარტი 2023

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლამ ჰელგა პიდერსენის სახელობის იმიტირებულ სასამართლო პროცესში (HPMCC) წარმატებით იასპარეზა, სადაც შეჯიბრის საუკეთესო სპიკერი კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი დავით სახოკია გახდა.

 

კავკასიის სამართლის სკოლის გუნდი შედგებოდა სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე-მეოთხე კურსის სტუდენტებისგან: დავით სახოკია, ნინო ნასარიძე, მარიამ ქენქაძე და მარიამ წურწუმია. გუნდს ხელმძღვანელობდა კავკასიის სამართლის სკოლის ტრენერი საერთაშორისო და ადგილობრივ შეჯიბრებებში თინათინ ობოლაძე.

 

გუნდმა შეჯიბრის ფარგლებში, წარადგინა წერილობითი პოზიციები და შემდგომ იასპარეზა რეგიონულ ზეპირ რაუნდებზე თბილისში, 24-26 თებერვალს, სადაც 20 სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტის 80-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა როგორც სპიკერი. მიღებული ქულებით კავკასიის უნივერსიტეტის გუნდის სპიკერმა - დავით სახოკიამ პირველი ადგილი დაიკავა.

 

HPMCC ევროპის მასშტაბით ყველაზე დიდი იმიტირებული სასამართლო პროცესია ადამიანის უფლებების სამართალში და წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (სტრასბურგის სასამართლოს) სიმულაციას.