7 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლის (CST) მასპინძლობით, საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გუნდისა და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) ორგანიზებით, შედგა მასშტაბური ღონისძიება, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა განათლებისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლები, აკადემიური პერსონალი და ახალგაზრდა თაობა.
კონფერენციაში აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს სკოლების პედაგოგები, მოსწავლეები და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტისა და KEAN უნივერსიტეტის (აშშ) ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები.
ღონისძიების ძირითადი აქცენტები და შედეგები:
- საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება: ღონისძიებაში დისტანციურად ჩაერთვნენ დარგის წამყვანი ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც ქართველი მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებსა და გლობალურ ტენდენციებზე ისაუბრეს.
- აკადემიური დისკუსია და ეთიკა: პრეზენტაციებსა და პანელურ სესიებზე განხილული იყო კიბერუსაფრთხოების აქტუალური საკითხები, ხელოვნური ინტელექტის როლი, Deepfake, ხმის კლონირება, AI ეთიკა, ციფრული ჰიგიენა, აგრეთვე ქართულ განათლების სისტემაში არსებული მიღწევები და სამომავლო გამოწვევები.
- ინტერაქტიული პანელური სესია: მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, კითხვა-პასუხის ფორმატში მიეღოთ ამომწურავი პასუხები სფეროს ექსპერტებისგან.
- პარტნიორთა შეჯიბრებები და პრიზები: მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა მონაწილეთათვის გამართეს თემატური შეჯიბრებები, სადაც გამარჯვებულებს გადაეცათ სპეციალური საჩუქრები და პრიზები.
- აღიარება და სტატუსი: ყველა მსმენელს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ხოლო მომხსენებელ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიენიჭათ „ციფრული განათლებისა და უსაფრთხოების ელჩის“ საპატიო სტატუსი.
ღონისძიების მხარდამჭერები და პარტნიორებია: „სულაკაური“, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA) და საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია.
