15–16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია - „ავტორიტარიზმი, ნარატივები და კულტურები: უწყვეტობა, რღვევა და ცვლილება - წარსული და აწმყო“ (Authoritarianism, Narratives, and Cultures: Continuity, Disruption, and Change, Past and Present) - გაიმართა.
კონფერენცია კავკასიის უნივერსიტეტისა და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლობით ჩატარდა და სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების მკვლევრები გააერთიანა. ღონისძიების მიზანი იყო ავტორიტარიზმის გააზრება არა მხოლოდ პოლიტიკური მმართველობის ფორმად, არამედ ისტორიულ და კულტურულ ფენომენად, რომელიც გავლენას ახდენს ხელოვნებაზე, კულტურულ მეხსიერებაზე, რელიგიურ იდენტობებზე, განათლებაზე, საზოგადოებრივ ნარატივებსა და ყოველდღიური ცხოვრების ფორმებზე.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ მკვლევრები და დარგის აღიარებული აკადემიური სფეროს წარმოამდგენელები საქართველოდან, აშშ-დან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ლიეტუვიდან, ჩეხეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, იტალიიდან და სერბეთიდან. წარმოდგენილი იყო ისეთი აკადემიური და კვლევითი დაწესებულებები, როგორებიცაა ჰარვარდის უნივერსიტეტი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, ოქსფორდის უნივერსიტეტი, მაიამის უნივერსიტეტი, ემორის უნივერსიტეტი, მიდლბერის კოლეჯი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ლიეტუვის მუსიკისა და თეატრის აკადემია, პრაღის ეროვნული მუზეუმი, ოსტრავის უნივერსიტეტი, ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, „გიორგე დიმას“ სახელობის მუსიკის ეროვნული აკადემია, უდინეს უნივერსიტეტი, ბელგრადის ხელოვნების უნივერსიტეტი, კავაკასიის უნივერსიტეტი, ი.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
კონფერენციის მთავარი მომხსენებლები იყვნენ პროფესორი სტივენ ფ. ჯონსი (ჰარვარდის უნივერსიტეტი, დევისის ცენტრი, აშშ) და პროფესორი ჯესიკა გინოუ-ჰეხტი (ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, გერმანია).
კონფერენციამ ხელი შეუწყო საერთაშორისო აკადემიური დიალოგის გაღრმავებას და საფუძველი ჩაუყარა სამომავლო თანამშრომლობას, წაახალისა რა ავტორიტარიზმის, კულტურული მეხსიერებისა და პოლიტიკურ ძალაუფლებასა და კულტურულ გამოხატვას შორის ურთიერთმიმართების შედარებითი და ინტერდისციპლინური კვლევა სხვადასხვა ისტორიულ და გეოგრაფიულ კონტექსტში.
