იმიტირებული სასამართლო პროცესი აბიტურიენტებისთვის - საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით „საავტორო უფლება და სატელევიზიო შესრულება“

2 მარტი 2026

28 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის სამართლისა და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლების კოლაბორაციით, გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი საავტორო უფლებებში.

 

აბიტურიენტებმა ორ ნაწილიან ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების პირველ ნაწილში მოისმინეს საჯარო ლექცია ინტელექტუალური საკუთრების შესახებ, არსებულ პრობლემებზე საავტორო უფლებებში და მიიღეს ინფორმაცია სასამართლო პროცესის მსვლელობის დეტალებსა და მხარეთა უფლება-მოვალეობებზე.

 

ღონისძიების მეორე ნაწილში, აბიტურიენტებმა გადაინაწილეს როლები: მოსამართლე, მოსარჩელე, მოპასუხე, მოსარჩელისა და მოპასუხის წარმომადგენელი, მოწმე. მონაწილეებს განსახილველად ჰქონდათ სიტუაციური ამოცანა, რომელიც ღონისძიების პირველ ნაწილში გააცნო კომპოზიტორმა. მიღებული ინფორმაციების გათვალისწინებით, ადგილზე იმიტირებულ ფორმატში ჩაატარეს სასამართლო პროცესი არგუმენტების წარდგენით, პოზიციების დაცვითა და დისკუსიით. იმიტირებული პროცესის მიმდინარეობისას მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს ფაქტების იურიდიულ ანალიზზე, არგუმენტების სწორად ჩამოყალიბებაზე და საავტორო უფლებების დაცვაზე.

 

აქტივობის მიზანი იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლისა და ჰუმანიტარულ და სოციალური მეცნიერებათა სკოლების კოორდინაციით ინტელექტუალური სამართლის პრობლემატურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდა თაობაში სამართლისა და სამართლიანობისადმი მოტივაციის გაზრდა.

 

იმიტირებულ პროცესს უხელმძღვანელა კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა, მოქმედმა ნოტარიუსმა - ნინო ხარიტონაშვილმა.

 

აბიტურიენტებს საკუთარი ხედვები, საავტორო უფლებების მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია და პროცესზე განსახილველი სიტუაციური ამოცანა გააცნო, კომპოზიტორმა - მიკა მდინარაძემ.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.