კახა შენგელია ქუთაისში “Erasmus+”- ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის შეხვედრას დაესწრო

9 ივლისი 2021

 

“Erasmus+”- ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რექტორთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია დაესწრო. 

 

შეხვედრაზე რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის დაფუძნების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდა.

 

შეხვედრა გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა. 

 

მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმს ხელი მოაწერა 11 რეგიონული უნივერსიტეტის რექტორმა, მათ შორის კახა შენგელიამ. მემორანდუმის საფუძველზე რეგიონული უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციაზე რეგიონებისთვის დამახასიათებელ საკითხებსა და გამოწვევებს განიხილავენ. მემორანდუმის ხელმომწერები არიან: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის საზღვაო აკადემია, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

 

„Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის- „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ ფარგლებში, რეგიონული უნივერსიტეტების რექტორებმა მემორანდუმით განსაზღვრული ურთიერთთანამშრომლობის დეტალები განიხილეს და კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სამომავლო მიზნები დასახეს.

 

აღსანიშნავია, რომ „Erasmus+“-ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.