ქვემო ქართლის აზერბაიჯანულენოვანი აბიტურიენტების ვიზიტი CU-ში

7 ივლისი 2026

7 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტმა ქვემო ქართლის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსულ აზერბაიჯანულენოვან აბიტურიენტებს უმასპინძლა.

 

შეხვედრაზე, მოსწავლეებს სიტყვით მიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, რომელმაც უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობებზე ისაუბრა და ახალგაზრდებს წარმატება უსურვა. დამსწრეებს, ასევე, მიესალმა უნივერსიტეტის მარკეტინგული პროექტების მენეჯერი ჯეიხუნ მუჰამედალი (ნარზალოვი), რომელმაც აბიტურიენტებს განათლების მნიშვნელობასა და პროფესიული განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა.

 

ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და იმ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.

 

აბიტურიენტები, ასევე, სკოლების დეკანებს შეხვდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.

 

ღონისძიების ფარგლებში ელვირ ჰასანოღლიმ მოსწავლეებს სამოტივაციო პრეზენტაცია წარუდგინა, რომელიც შეეხებოდა ერთიანი ეროვნული გამოცდების მნიშვნელობას, გამოცდებისთვის ეფექტიან მომზადებასა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის შესაძლებლობებს.

 

შეხვედრის დასასრულს, ტრადიციულად, კავკასიის უნივერსიტეტის ელჩებმა მონაწილეებს კამპუს ტური ჩაუტარეს. დაათვალიერებინეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გარემო და ის სტუდენტური სივრცეები, სადაც CU-ში სწავლისას სხვადასხვა პრაქტიკულ სამუშაოებს შეასრულებენ.

 

ვიზიტი ორგანიზებული იყო საგანმანათლებლო ორგანიზაცია „SofoPolis“-ის მიერ, რომლის ხელმძღვანელია ელვირ ჰასანოღლი.