თიბისისა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

5 იანვარი 2021

თიბისისა და კავკასიის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

თანამშრომლობა გულისხმობს, თიბისის მხარდაჭერით, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გაღრმავებასა და მათ ჩართულობას თიბისის, როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში, საჯარო ლექციებში, სემინარებსა და ვორკშოპებში. წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები თიბისის დასაქმების, სტაჟირებისა და სტიპენდიის სხვადასხვა პროგრამაში ჩაერთვებიან.

 

თიბისი კავკასიის უნივერსიტეტის სამომავლო პროექტებსაც დააფინანსებს, მათ შორის საუნივერსიტეტო კამპუსსა და სკოლას ბათუმში, რომლის გახსნაც 2023 წელს იგეგმება და რომელიც 1500-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტზე და 500-მდე მოსწავლეზეა გათვლილი.

 

ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება, თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ამ მიმართულებით კომპანია სხვადასხვა პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერია.

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მრავალწლიანი თანამშრომლობის შემდეგ, ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება. კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები დასაქმებულები არიან კერძო და საჯარო სექტორებში, საერთაშორისო კომპანიებში, როგორც საქართველოში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით. თიბისის, როგორც ახალგაზრდების მხარდამჭერის სტატუსი, ჩვენთვის მეტ დასაქმებულ სტუდენტსა და კურსდამთავრებულს ნიშნავს. უკვე წლებია კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ უნივერსიტეტს ჰქონდეს მაღალი ნდობა და რეპუტაცია, იყოს საუკეთესო - არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. ამ ყველაფრის გაკეთება თიბისის და სხვა ძლიერი პარტნიორების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა“- კახა შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.

 

„ერთობლივად განხორციელებული არაერთი წარმატებული საგანმანათლებლო პროექტის შემდეგ, თიბისი და კავკასიის უნივერსიტეტი მასშტაბურ, გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ. ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, სწორედ ამიტომ, თიბისი სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას აქტიურად ეთანამშრომლება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გავხდეთ იმ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორები, რომლის მიდგომები სრულ თანხვედრაშია თიბისის ფასეულობებთან. ორ ათწლეულზე მეტია კავკასიის უნივერსიტეტი მუდმივად ვითარდება და პროფესიული ცხოვრებისთვის ისეთ კურდსამთავრებულებს ამზადებს, რომლებიც მომავალში, სხვადასხვა სექტორში და სფეროში საუკეთესოები და კონკურენტუნარიანები არიან. გვეამაყება, რომ ამ ახალგაზრდების წარმატებების თანამონაწილე დღეიდან თიბისიც გახდება“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია იწყება 1998 წლიდან, კავკასიის ბიზნესის სკოლის შექმნით და დღეს აერთიანებს - ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის, ეკონომიკის, განათლების სკოლებს.

 

უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებსა და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას სთავაზობს.