13-15 ივლისს, მედიცინის სკოლას ეწვივნენ ისრაელის Yezreel Valley College-ის საექთნო დეპარტამენტის წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანი იყო ორ ინსტიტუციას შორის აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავება თანამედროვე მედიცინისა და საექთნო განათლების მიმართულებით.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები კავკასიის მედიცინის სკოლის ადმინისტრაციასთან, აკადემიურ პერსონალთან, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან, კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან და ხარისხის უზრუნველყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებში, როგორიცაა:
- ერთობლივი სასწავლო კურსებისა და მოდულების განვითარება;
- აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლითი შესაძლებლობები;
- ერთობლივი კვლევითი პროექტები და საერთაშორისო პუბლიკაციები;
- ტელესაექთნო (Telenursing), სიმულაციაზე დაფუძნებული სწავლება, ციფრული ჯანდაცვა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია საექთნო განათლებაში.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები გაეცნენ კავკასიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო გარემოს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებსა და კვლევით საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას, მათ შორის ტელესაექთნო კურსის ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას.
