ქეინის უნივერსიტეტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

29 ოქტომბერი 2026

24-28 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტს (CU) ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ქეინის უნივერსიტეტის (Kean University) დელეგაცია. ვიზიტი ორ უნივერსიტეტს შორის არსებული ექსკლუზიური და სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების საკითხების განხილვასა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების განსაზღვრას.

 

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ქეინის უნივერსიტეტის პროვოსტი და აკადემიურ საკითხებში უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, დოქტორი დევიდ ბერდსელი და სტუდენტთა წარმატების მიმართულებით უფროსი ვიცე-პრეზიდენტი, ქეთრინ გალაჰერი.

 

კავკასიის უნივერსიტეტსა და ქეინის უნივერსიტეტს შორის არსებული  სტრატეგიული პარტნიორობა წარმოადგენს ორი ინსტიტუციის გრძელვადიანი თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები, ვითარდება აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობა. პარტნიორობის მიზანია სტუდენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა და ამერიკულ უმაღლეს განათლებაში ინტეგრაციის შესაძლებლობების გაფართოება.

 

26 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში გამართულ ოფიციალურ შეხვედრაზე დელეგაციას უმასპინძლა უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და ვიცე პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მიმდინარე თანამშრომლობა, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საკითხები და სამომავლო განვითარების შესაძლებლობები.

 

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს კავკასიის უნივერსიტეტის ისტორიული კამპუსი და გაეცნენ უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურას.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სკოლების დეკანებთან, აკადემიურ და ადმინისტრაციულ ხელმძღვანელობასთან, აგრეთვე საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური კომპონენტები, სასწავლო გეგმები, პროგრამების განხორციელების მექანიზმები, ხარისხის უზრუნველყოფისა და სასწავლო პროცესის კოორდინაციის საკითხები. მხარეებმა ასევე იმსჯელეს აკადემიური თანამშრომლობის გაფართოებისა და ერთობლივი ინიციატივების განვითარების შესაძლებლობებზე.

 

დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს კავკასიის უნივერსიტეტის ორთაჭალის კამპუსი და გაეცნენ არსებულ სასწავლო გარემოსა და ინფრასტრუქტურას.

 

ვიზიტის ფარგლებში, ქეინის უნივერსიტეტის დელეგაციამ შეხვედრები გამართა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში.

 

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართული შეხვედრის ფარგლებში განხილვის ძირითადი მიმართულებები უკავშირდებოდა საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემას, საერთაშორისო საგანმანათლებლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული შეხვედრა დაეთმო ქართულ-ამერიკული საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებსა და უნივერსიტეტებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განხილვას.

 

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ქეინის უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრაზე სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია ქეინის უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობების, ამერიკული უმაღლესი განათლების სისტემის, სასწავლო გარემოსა და სტუდენტური სერვისების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია უშუალოდ ქეინის უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან მიეღოთ.

 

კავკასიის უნივერსიტეტსა და ქეინის უნივერსიტეტს შორის არსებული ექსკლუზიური თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას ბიზნეს ანალიტიკისა და მონაცემთა მეცნიერების, მედია ხელოვნების, კიბერუსაფრთხოების, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის, ფსიქოლოგიის  მიმართულებებით. ერთობლივი ხარისხის პროგრამები, ითვალისწინებს 2 წლის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო ბოლო აკადემიური წელი ქეინის უნივერსიტეტში სწავლას, შედეგად კი ორი კვალიფიკაციის/დიპლომის მიღებას.

 

ქეინის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები ემსახურებოდა მიმდინარე თანამშრომლობის შეფასებას, პროგრამების აკადემიური და ადმინისტრაციული განხორციელების საკითხების განხილვასა და უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსაზღვრას.

 

კავკასიის უნივერსიტეტისთვის ქეინის უნივერსიტეტთან ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობა საერთაშორისო თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. აღნიშნული თანამშრომლობა ხელს უწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოებასა და ქართულ-ამერიკული აკადემიური ურთიერთობების გაძლიერებას.