PROVE პროექტის („ღირებულებითი განათლების ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“) პარტნიორები 2026 წლის 8-13 მარტს საბერძნეთში შეიკრიბნენ დინამიური და მრავალფეროვანი სასწავლო ვიზიტის ფარგლებში.
კავკასიის უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბატონმა ალუდა გოგლიჩიძემ - აფილირებულმა, ასოცირებულმა პროფესორმა და პროგრამის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მარიამ კუტუბიძებ - აფილირებულმა ასისტენტ-პროფესორმა, ქლაბატონმა მაია ზიბზიბაძემ - აფილირებულმა, ასოცირებულმა პროფერომა და ბატონმა აკაკი კაპანაძემ - პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა.
პროდუქტიული კვირა დაეთმო კონსორციუმის შეხვედრებს, ინტენსიურ ტრენინგებსა და სასწავლო ვიზიტებს სკოლებში. ღონისძიებამ პარტნიორი უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი გააერთიანა იდეების გასაზიარებლად, სწავლების ახალი უნარების განსავითარებლად და ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებაში არსებული ინოვაციური მიდგომების გამოსაცდელად.
ვიზიტის პირველი ნაწილი მონაწილეებმა ქალაქ ფლორინაში დაჰყვეს, ბოლოს კი თესალონიკს ესტუმრნენ. მასპინძელი მხარე იყო დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტი (UoWM). ღონისძიების მთავარ ფოკუსს წარმოადგენდა პროექტის იმპლემენტაცია, პედაგოგიური ინოვაციები ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით და VaKE (ღირებულებებსა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების) მეთოდის პრაქტიკული გამოყენება.
სტრატეგიული დაგეგმარება და პროექტის ეტაპები:
ვიზიტი დაიწყო ფორმალური კონსორციუმის შეხვედრით, რომელზეც პარტნიორებმა საქართველოდან, სომხეთიდან, საბერძნეთიდან და ავსტრიიდან წარადგინეს ანგარიშები პროექტის განხორციელებისა და შუალედური ანგარიშგების შესახებ:
- მიმდინარე ანგარიშები: პროგრესის შესახებ ინფორმაცია გააზიარეს წარმომადგენლებმა შემდეგი პარტნიორი ინსტიტუტებიდან - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი(TeSaU), კავკასიის უნივერსიტეტი (CU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ISU) ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU), ხაჩატურ აბოვიანის სახელობის სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი (ASPU), დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტი (UoWM), ლინცის პედაგოგიური განათლების კერძო საუნივერსიტეტო კოლეჯი (PHDL) და ღირებულებსა და ცოდნაზე დაფუძნებული განათლების ასოციაცია (AvaKE).
- ხარისხი და მდგრადობა: ექსპერტების ხელმძღვანელობით გამართული სესიები მოიცავდა ისეთ გადამწყვეტ საკითხებს, როგორიცაა დისემინაციის სტრატეგიები, გარე შეფასების მეთოდოლოგია და ხარისხის შიდა უზრუნველყოფის ძირითადი მიგნებები.
- დაგეგმვა: ფინანსური მართვის სესიებმა და 2026 წლის სამომავლო აქტივობების დაგეგმვამ გამოკვეთა პროექტის სტრატეგიული მიზნები.
ინოვაციური ტრენინგები: VaKE, ხელოვნური ინტელექტი (AI) და შეფასების მეთოდოლოგია.
დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პროფესიულ განვითარებასა და ტექნოლოგიების ინტეგრირებას განათლებაში, კერძოდ კი VaKE მეთოდოლოგიის გამოყენებისას, რომელიც სტუდენტებს უბიძგებს ჩაერთონ რეალური ცხოვრებისეული დილემების გადაჭრაში, იფიქრონ კრიტიკულად და მოახდინონ ეთიკური გადაწყვეტილებების რეფლექსია:
- AI განათლებაში: პარტნიორებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ ვორქშოფში, რომელიც ეხებოდა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას VaKE-ს დილემების მოსამზადებლად. მონაწილეებმა განიხილეს კონკრეტული ნაბიჯები, სახელმძღვანელო პრინციპები და შეცდომები, რომლებსაც თავი უნდა აარიდონ. აღნიშნულმა სესიამ აჩვენა, თუ როგორ შეუძლია ციფრულ ინსტრუმენტებს სწავლების პროცესის მხარდაჭერა კრეატიულობის გაძლიერებით და სასწავლო მასალების სხვადასხვა საგნებსა თუ კონტექსტებზე მორგების გამარტივებით.
- შეფასება და იმპლემენტაცია: შეფასების საკითხებზე სპეციალიზებულ ტრენინგებს უძღვებოდნენ ჟან-ლუკ პატრი, ალფრედ ვაინბერგერი და ზიგლინდე ვეირინგერი. მათ მონაწილეებს გააცნეს პრაქტიკული ინსტრუმენტები, რომლებიც ლექტორებს დაეხმარებათ შეაფასონ არა მხოლოდ ის, თუ რას სწავლობენ სტუდენტები, არამედ ისიც, თუ როგორ აზროვნებენ, ახდენენ რეფლექსიას და ერთვებიან ეთიკურ საკითხებში, რაც ხელს უწყობს სიღრმისეულ სწავლებას.
- პარალელური სესიები: პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა (თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, სომხეთის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) გამართეს პარალელური სესიები შერჩეულ კურსებში VaKE-ის გამოყენების საკითხებზე, რომლის ფარგლებში ერთმანეთს გაუზიარეს ცოდნა და გამოცდილება.
თეორიიდან პრაქტიკამდე: ვიზიტები აუდიტორიებსა და სკოლებში:
კვირის მეორე ნახევარში მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, პრაქტიკაში ეხილათ VaKE მეთოდის გამოყენება რეალურ სასწავლო გარემოში:
- დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტის (UoWM) სალექციო კურსზე დასწრება: მონაწილეები დაესწრნენ კურსს „კრიტიკული აზროვნება საგანმანათლებლო პრაქტიკაში“, რასაც მოჰყვა მართული რეფლექსია ციფრული წიგნიერების განვითარებისა და სასკოლო პედაგოგიკის შესახებ. ეს მათ საშუალებას აძლევდა დაჰკვირვებოდნენ, თუ როგორ უწყობს ხელს დილემებზე დაფუძნებული სწავლება დისკუსიასა და აქტიურ მონაწილეობას რეალურ სასწავლო პირობებში.
- მშვიდობის განათლება: ცალკე სესია დაეთმო „მშვიდობის განათლებას“, სადაც განიხილეს ომის კულტურიდან მშვიდობის კულტურაზე გადასვლის პროცესი VaKE-ის ჩარჩოს ფარგლებში, რაც ხაზს უსვამს განათლების როლს დიალოგის, ტოლერანტობისა და სოციალური პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებაში.
- ინტერკულტურული განათლება თესალონიკში: ვიზიტი დასრულდა თესალონიკში, ელეფთერიო-კორდელიოს მე-6 ექსპერიმენტულ ინტერკულტურულ სკოლაში (ყოფილი ევოსმოს-კორდელიოს ინტერკულტურული სკოლა) სტუმრობით. ამ გამოცდილებამ პარტნიორებს საშუალება მისცა, დაკვირვებოდნენ, თუ როგორ ხდება ინკლუზიური და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს მხარდაჭერა პრაქტიკაში, რაც VaKE-ის პრინციპებს აკავშირებს ისეთ ფართო საგანმანათლებლო მიზნებთან, როგორიცაა ინკლუზია, ურთიერთპატივისცემა და სოციალური ერთიანობა.
ფორმალური პროგრამის მიღმა, სასწავლო ვიზიტმა შექმნა თანამშრომლობის ძლიერი განცდა და საერთო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაინერგოს ღირებულებითი განათლება სხვადასხვა ინსტიტუციასა და ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში მონაწილეები აღიჭურვნენ პრაქტიკული ინსტრუმენტებით, ახალი პერსპექტივებითა და საკუთარ პრაქტიკაში VaKE-ს გამოყენების მეტი თავდაჯერებულობით, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა პარტნიორების საერთო ძალისხმევა. აღნიშნული სასწავლო ვიზიტი კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია PROVE პროექტის მისიისთვის, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის უმაღლესი განათლების სისტემაში ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლების დამკვიდრებას საერთაშორისო თანამშრომლობისა და თანამედროვე პედაგოგიური ინსტრუმენტების მეშვეობით.
“Funded by the European Union. Views and opinions expressed are however those of the author(s) only and do not necessarily reflect those of the European Union or The European Education and Culture Executive Agency (EACEA). Neither the European Union nor the granting authority can be held responsible for them.”
