15 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა აღმოსავლეთ ბავარიის ამბერგ-ვეიდენის ტექნიკური უნივერსიტეტის, გერმანია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს, ანაბელ ვოლფს და მედიისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებს, ტატიანა ივანოვსკას და მაიკლ ვიელს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ტექნოლოგიების სკოლის წარმომადგენლებთან, კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამის აკადემიურ ხელმძღვანელთან, რატი სხირტლაძესთან და ტექნოლოგიების სკოლის სამაგისტრო და საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციულ დირექტორთან ნათია სულაბერიძესთან.
შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები — საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისა და „ერაზმუს+“-ის პროექტის ფარგლებში დაფინანსებისთვის ერთობლივი განაცხადის მომზადება, ასევე საზაფხულო სკოლის ფარგლებში სტუდენტების ინტერაქციის გაძლიერება, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს.
კავკასიის უნივერსიტეტი გერმანიაში 20-ზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან თანამშრომლობს და სტუდენტებსა და აკადემიურ- ადმინისტრაციულ პერსონალს სთავაზობს სხვადასხვა ტიპის გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს. უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გერმანია ერთ-ერთი მოწინავე და პრიორიტეტული დესტინაციაა.