საერთაშორისო აღიარების მქონე, გავლენიან სამეცნიერო გამომცემლობა Palgrave Macmillan-ში (Springer Nature, Switzerland) გამოიცა მნიშვნელოვანი კრებული: Languages in Conflict and War: Ukraine, the Caucasus, and the Baltics.
აღნიშნულ კრებულში შესულია კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის - მარიამ მანჯგალაძის - სამეცნიერო სტატია.
გამოცემის შესახებ: სტატიების კრებული საერთაშორისო სერიის – Palgrave Studies in Languages at War – ნაწილია. წიგნის იდეა დაიბადა შვედეთში, მალმეს უნივერსიტეტის მულტიდისციპლინური კვლევითი ცენტრის (RUCARR) მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და მასში თავმოყრილია წამყვანი საერთაშორისო მკვლევრების ნაშრომები. კრებულში სიღრმისეულადაა გაანალიზებული ის კრიტიკული როლი, რომელიც ენას ენიჭება თანამედროვე პოლიტიკურ კონფლიქტებსა და ომებში (განსაკუთრებით, 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ კონტექსტში) პოსტსაბჭოთა სივრცეში – უკრაინაში, ბალტიისპირეთსა და კავკასიაში. ნაშრომებშიი მიმოხილულია ენა, როგორც იდენტობის შენარჩუნების, წინააღმდეგობისა და, ამავდროულად, პოლიტიკური ზეწოლის იარაღი.
პროფესორ მარიამ მანჯგალაძის ნაშრომი: „სახელმწიფო ენის ეკოლოგია თანამედროვე საქართველოში“ (Official Language Ecology in Contemporary Georgia), ეხება საქართველოს ენობრივი პოლიტიკის მნიშვნელოვან გამოწვევებსა და სტრატეგიულ მიმართულებებს, როგორიცაა: საგანმანათლებლო და მიგრაციული პროცესები; ენობრივი გამოწვევები და ინტეგრაცია (მაგალითად, ეთნიკური უმცირესობების სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის უმთავრესი ბარიერი - სახელმწიფო ენის არასათანადო ცოდნა); ენობრივი რეოკუპაციის საფრთხე; ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა.
სახელმწიფო ენის სტრატეგია ნაშრომში შეფასებულია სამი ძირითადი კუთხით: ენა როგორც პრობლემა (არსებული გამოწვევების გადაჭრა), ენა როგორც უფლება (უმცირესობათა უფლებების დაცვა) და ენა როგორც რესურსი (ენობრივი მრავალფეროვნების, ტექნოლოგიური და ციფრული რესურსების განვითარება).
ვულოცავთ ქალბატონ მარიამს კიდევ ერთ წარმატებას საერთაშორისო ასპარეზზე.
