19-21 მაისს, მოლდოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქალაქ კიშინიოვში, Erasmus+-ის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების განვითარების (CBHE) პროექტის "მწვანე ტურიზმის კონცეფციის შემუშავება შესწავლის საშუალებით" - ENRICHER Hubs ფარგლებში გაიმართა მეორე დისემინაციის კონფერენცია.
აღნიშნულ კონფერენციაში, საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს კავკასიის ტურიზმის სკოლის აფილირებულმა პროფესორმა გიორგი ბრეგაძემ და ასისტენტ პროფესორებმა ნინო თიგიშვილმა და ნატა რობიტაშვილმა. ღონისძიება აერთიანებდა აკადემიურ სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს მწვანე ტურიზმის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით გამოცდილების გასაზიარებლად.
კონფერენციის პირველი დღის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ Business Challenge-ის ფარგლებში მიღებული გამოცდილების გაზიარებას. გიორგი ბრეგაძემ, Caucasus University-ის აფილირებულმა პროფესორმა, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: “The Green Tourism Hub as an Innovation Platform: Lessons from a Business Challenge”. პრეზენტაციაში განხილული იყო მწვანე ტურიზმის ჰაბის, როგორც ინოვაციური პლატფორმის როლი, უნივერსიტეტსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა და პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება.
ონლაინ ფორმატში კონფერენციას, ასევე, შეუერთდა Legends Tskaltubo Spa Resort-ის დამფუძნებელი ანდრო ჯიშკარიანი, რომლის ბიზნეს გამოწვევაზეც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებმა იმუშავეს. მან მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. ამავე დღეს მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია სხვადასხვა პროექტის შესახებ, რომლებიც ეხებოდა მდგრად ტურიზმში ახალ მიდგომებსა და ევროკავშირის Green Deal-ის მიმართულებით მიმდინარე პროექტების სინერგიას ENRICHER Hubs პროექტთან.
კონფერენციის მეორე დღე დაეთმო მწვანე ჰაბებისა და ზოგადად პროექტის მდგრადობის კომპონენტს - თუ როგორ წარმოუდგენიათ მონაწილეებს ჰაბების საქმიანობის მდგრადი გაგრძელება. ასევე აქტიური ჯგუფური სამუშაო და დისკუსია ჩატარდა პროექტის შესაძლო გაგრძელებისა და მდგრადი ტურისტული დანიშნულების ადგილების ჩამოყალიბებაში მისი წვლილის შესახებ.
პროგრამა ასევე მოიცავდა კულტურულ ვიზიტებსა და საველე ექსკურსიებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მესამე დღის ვიზიტები Orheiul Vechi-ში, სოფელ Butuceni-სა და Cricova Winery-ში, სადაც მონაწილეები ადგილზე გაეცნენ მდგრადი ტურიზმისა და ადგილობრივი განვითარების პრაქტიკულ მაგალითებს.
