კავკასიის უნივერსიტეტმა ამერიკელი ექსპერტების მონაწილეობით გამართული სემინარების კვირეულის დასკვნით ღონისძიებას უმასპინძლა.
სემინარების კვირეული მიეძღვნა ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში სწავლა-სწავლების პროცესის ადამიანური განზომილების შენარჩუნების საკითხს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმას, თუ როგორ შეიძლება მოსწავლე დარჩეს სასწავლო პროცესის ცენტრში, ხოლო ხელოვნური ინტელექტი სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიან მხარდამჭერ ინსტრუმენტად იქცეს.
სემინარებს უძღვებოდნენ ქეით სტოსი, ჰარკნესის მეთოდის გამოცდილი სპეციალისტი და ვერმონტის შტატში მისი დანერგვის ერთ-ერთი პიონერი და მინ ლი, კოლუმბიის უნივერსიტეტის განათლების სკოლის წამყვანი სასწავლო დიზაინერი.
აკადემიური პერსონალისთვის განკუთვნილი სემინარების პარალელურად, კვირეულის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა დაწყებითი პედაგოგიკის სტუდენტებისთვისაც. შეხვედრას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ უმასპინძლა. ამერიკელ ექსპერტებთან ერთად სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება აკადემიის პედაგოგებმაც გაუზიარეს.
სემინარების კვირეული განხორციელდა პროექტის „მომავლის მასწავლებელი’’ ფარგლებში, რომელსაც PH International საქართველოში აშშ-ის საელჩოს დაფინანსებით ახორციელებდა.
