კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესი წარმატებით დასრულდა

22 ივნისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში, წარმატებით განხორციელდა პროექტი – „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული პროცესი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი თამარ ავალიანი.

 

პროექტში მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებმაც ორი თვის განმავლობაში ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული მომზადება გაიარეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პროცედურების მიმართულებით.

 

პროექტის მიზანი იყო სტუდენტებისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების სიღრმისეული გაცნობა, სტრატეგიული სამართალწარმოების მნიშვნელობის გააზრება, სამართლებრივი არგუმენტაციის, სასამართლო უნარებისა და პროფესიული პრაქტიკის განვითარება.

 

პროექტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ სპეციალური ტრენინგები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოების თავისებურებებზე, დასაშვებობის კრიტერიუმებზე, პროცედურულ წესებსა და ზეპირი განხილვის სპეციფიკაზე. აღნიშნულ თემებზე სტუდენტებთან მუშაობდა პროექტის ხელმძღვანელი, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი თამარ ავალიანი.

 

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო პრაქტიკოს იურისტებთან, უფლებადამცველებთან და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლებმაც მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და პროფესიული ხედვები გაუზიარეს.

 

29 მაისს სტუდენტები შეხვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს თამარ ალექსიძეს, რომელმაც მონაწილეებს გამოხატვის თავისუფლების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები გააცნო.

 

4 ივნისს გაიმართა შეხვედრა ირაკლი ყანდაშვილთან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარესთან, რომელმაც სტუდენტებს ესაუბრა ადვოკატის პროფესიის მნიშვნელობაზე, პროფესიულ პასუხისმგებლობასა და თანამედროვე სამართლებრივ გამოწვევებზე.

 

15 ივნისს მონაწილეები შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ სტრატეგიული სამართალწარმოების საერთაშორისო იურისტს თამარ კაპანაძეს, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებში ეფექტიანი სამართალწარმოების პრაქტიკული ასპექტები.

 

18 ივნისს ცნობილმა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ მონაწილეებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე – როგორ მოვიგოთ საქმე, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ადვოკატის როლს სასამართლო სხდომაზე, ეფექტიანი არგუმენტაციის ტექნიკასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს.

 

პროექტის დასკვნითი ეტაპი – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იმიტირებული ზეპირი განხილვა – 2026 წლის 21 ივნისს გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტში. სტუდენტები პროცესში წარმოდგენილნი იყვნენ როგორც მომჩივნის, ისე მოპასუხე მხარის (მოპასუხე სახელმწიფოს) წარმომადგენლებად და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად წარადგინეს საკუთარი სამართლებრივი პოზიციები.

 

ზეპირი განხილვის შედეგების საფუძველზე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებსაც გადაეცათ გამარჯვებულის სერტიფიკატები. პროექტის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები, ხოლო კონკურსის ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო სპიკერები, რომლებმაც პირველი, მეორე და მესამე ადგილები დაიკავეს.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში მოსამართლეების როლს ასრულებდნენ:

 

  • თამარ ავალიანი – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის თავმჯდომარე, ადვოკატი;
  • მანუჩარ ციმინტია – საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის წევრი, ადვოკატი, მედიატორი.
  • ნინო ელბაქიძე – ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ადვოკატი  ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის წარმოების მრავალწლიანი გამოცდილებით.

 

პროექტმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა პრაქტიკაში გამოეყენებინათ მიღებული ცოდნა, ემუშავათ რეალურ სამართლებრივ საკითხებზე, განევითარებინათ სასამართლო გამოსვლისა და იურიდიული არგუმენტაციის უნარები და გაცნობოდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიანობის სპეციფიკას.

 

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა მომავალშიც გააგრძელებს სტუდენტებზე ორიენტირებული, პრაქტიკული სწავლების ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მათ პროფესიულ განვითარებასა და სამართლის სფეროში კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.