„ორი იბერია - ევროპის ორი კარიბჭე“: საქართველო–ესპანეთის აკადემიური თანამშრომლობა მადრიდში ახალ ეტაპზე გადავიდა

14 სექტემბერი 2026

10-12 სექტემბერს მადრიდში II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ორი იბერია – ევროპის ორი კარიბჭე“ გაიმართა.

 

საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის, სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით ჩატარდა. კონფერენციის მუშაობაში ჩართული იყო ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩო, რომელმაც ხელი შეუწყო ღონისძიების მაღალი დონით ორგანიზებასა და საქართველოსა და ესპანეთს შორის აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

 

სამდღიანი სამეცნიერო ფორუმი მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და ფილოსოფიის ფაკულტეტებზე, სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტსა და სან ისიდროს მუზეუმში გაიმართა. კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 27 მოხსენება და 5 ძირითადი სპიკერის გამოსვლა. სამეცნიერო პროგრამაში მონაწილეობდნენ მადრიდის კომპლუტენსეს, ბარსელონის, სევილიის, მალაგის, ვალენსიისა და სორბონის უნივერსიტეტების, ასევე სან დამასოს საეკლესიო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

 

საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევრები და აკადემიური პერსონალი.

 

კავკასიის უნივერსიტეტი კონფერენციაზე უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა კახა შენგელიამ წარმოადგინა მთავარი სპიკერის რანგში. მასთან ერთად მონაწილეობდნენ კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ფრანგი ქართველოლოგი ბერნარ უტიე, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორები გურანდა ჭელიძე, თათია მთვარელიძე და ეკა ჩიკვაიძე, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კონფერენციის სამეცნიერო მუშაობაში.

 

საერთაშორისო კონფერენციის „ორი იბერია – ევროპის ორი კარიბჭე“ ისტორია 2024 წელს იწყება. 12-14 ივნისს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, პირველი საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელმაც ესპანეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს მკვლევრები გააერთიანა.

 

მადრიდში გამართული მეორე კონფერენცია 2024 წელს დაწყებული აკადემიური თანამშრომლობის გაგრძელებას წარმოადგენს და მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის საქართველოსა და ესპანეთს შორის სამეცნიერო და აკადემიური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებისთვის.

 

კონფერენციის ფარგლებში განხილული საკითხები, რომლებიც ანტიკურობისა და შუა საუკუნეების ისტორიულ, კულტურულ, ფილოლოგიურ და ფილოსოფიურ მემკვიდრეობას უკავშირდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორი იბერიის - საქართველოსა და ესპანეთის - ისტორიული და კულტურული კავშირების შესწავლისა და ევროპულ სამეცნიერო სივრცეში მათი ადგილის გააზრების თვალსაზრისით.

 

კავკასიის უნივერსიტეტის აქტიური მონაწილეობა კონფერენციის სამეცნიერო და საორგანიზაციო საქმიანობაში კიდევ ერთხელ წარმოაჩენს უნივერსიტეტის მზარდ საერთაშორისო აკადემიურ როლს და მის წვლილს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის გაძლიერებაში.