გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა

23 იანვარი 2024

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გიორგი ამილახვარის ხელმძღვანელობით, თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც რექტორთა საბჭოს კერძო უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ უმასპინძლა. შეხვედრა გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია.

 

მონაწილეებმა უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები, მათი დაძლევის გზები განიხილეს და საუნივერსიტეტო სივრცეების კიდევ უფრო განვითარების მიზნით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. 

 

საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: საერთაშორისო გამოფენებში საქართველოს მონაწილეობის ხელშეწყობა, უნივერსიტეტებისთვის ანკეტა-კითხვარში ცვლილებების განხორციელების უფლების მინიჭება, სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი დასაფინანსებელი სტუდენტების კვოტის ზრდა, სამწლიანი საბაკალავრო პროგრამების შემუშავება და Horizon-Europe-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისების საქმიანობა; ასევე განხილულ იქნა რექტორთა მხრიდან დასმული სხვადასხვა აქტუალური თემა.

 

საბჭო დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.

 

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძე და მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდნენ.

 

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, გიორგი ამილახვარის ინიციატივით, რექტორებთან შეხვედრა პერმანენტულ რეჟიმში საქართველოს მასშტაბით ყველა ავტორიზებულ საჯარო და კერძო უნივერსიტეტში გაიმართება, რაც უზრუნველყოფს რეფორმის ინკლუზიურობასა და უმაღლესი განათლების საფეხურზე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე დროული და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებას.