6, 9 და 10 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა გერმანიის ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა ტექნიკური უნივერსიტეტის (TH Wildau) დელეგაციას უმასპინძლა. ვიზიტი განხორციელდა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eastern Partnership) პროგრამის ფარგლებში.
კავკასიის უნივერსიტეტს ეწვია გერმანელი სტუდენტების ჯგუფი დელეგაციის ხელმძღვანელთან, პროფესორ მაიკლ ჰერცოგთან ერთად. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან, კახა შენგელიასთან, კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან, ელენე ჯღარკავასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ქეთევან კარბაიასთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის მენეჯერმა, მარიამ დავითაშვილმა, გერმანელ სტუდენტებს გააცნო კავკასიის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროგრამები, საერთაშორისო პარტნიორობები, ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მიღწეული შედეგები, განხორციელებული აქტივობები და სამომავლო ინიციატივები.
სასწავლო ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თემატურ ვორკშოფს - „ენერგოსისტემის ტრანსფორმაციის რეგიონული და გლობალური მიდგომები“. ვორკშოფის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების შესაძლებლობები, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის თანამედროვე გამოწვევები და მდგრადი ენერგომომარაგების რეგიონული და გლობალური პერსპექტივები.
9 ნოემბერს ვიზიტის ფარგლებში სტუდენტები კომპანია Daily Group-ის სათავო ოფისსაც ეწვივნენ, სადაც კავკასიის უნივერსიტეტისა და TH Wildau-ს ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულმა, ლევან ბუაჩიძემ, მათ კომპანიის საქმიანობა გააცნო და ლოგისტიკის სფეროში საკუთარი პროფესიული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრამ სტუდენტებს შესაძლებლობა მისცა, უკეთ გაცნობოდნენ ლოგისტიკის სფეროს პრაქტიკულ ასპექტებსა და მიღებული აკადემიური ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების შესაძლებლობებს.
პროგრამა მოიცავდა ინტერაქციულ აქტივობებს, გუნდურ მუშაობასა და თემატურ დისკუსიებს, რომელთა ფარგლებშიც სტუდენტებმა ერთმანეთს გაუზიარეს განსხვავებული ხედვები და გამოცდილება. ერთობლივი მუშაობის შედეგად სტუდენტებმა მოამზადეს და ჩაწერეს თემატური პოდკასტი, რომელშიც ენერგეტიკული ტრანსფორმაციის აქტუალური საკითხები და დისკუსიების ძირითადი მიგნებები წარმოადგინეს.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტსა და TH Wildau-ს შორის თანამშრომლობა მოიცავს როგორც ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებას, ისე Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლით შესაძლებლობებს. აღნიშნული პარტნიორობა უნივერსიტეტებს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს და ხელს უწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განვითარებას, საერთაშორისო აკადემიური მობილობის გაძლიერებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე ინსტიტუციური კავშირების შემდგომ გაღრმავებას.
