კავკასიის უნივერსიტეტს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ელჩი, შოაიბ კასუ (Shoayb Casoo) ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა შეხვედრა გამართა კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუასთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან, ქეთევან ქარბაიასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტსა და სამხრეთ აფრიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული თანამშრომლობა, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
ვიზიტის ფარგლებში ელჩი ასევე შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტში მყოფ სამხრეთ აფრიკელ სტუდენტებს, გაეცნო მათ გამოცდილებას უნივერსიტეტში სწავლისა და საქართველოში ცხოვრების შესახებ, მოისმინა მათი უკუკავშირი და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მოსაზრებები.
კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს სამხრეთ აფრიკის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი თანამშრომლობს სამხრეთ აფრიკის არაერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან როგორც სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების, ასევე ინსტიტუციური განვითარების პროექტებისა და მოკლევადიანი პროგრამების მიმართულებით.
აღნიშნული თანამშრომლობა კავკასიის უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია და მიზნად ისახავს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გაფართოებას, გამოცდილების გაზიარებასა და უნივერსიტეტებს შორის გრძელვადიანი პარტნიორობის განვითარებას.
