CSM-ის პროფესორისა და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის ვიზიტი გერმანიაში

10 ივლისი 2026
კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის აფილირებული პროფესორისა და კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიქაშავიძის ვიზიტი გერმანიაში.
 
დორტმუნდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის საერთაშორისო ინსტიტუტის მიწვევით, პროფრსორმა მიქაშავიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სასწავლო-კვლევითი პროექტის „ევროპული ერთიანობის პოლიტიკის გაშუქების” (Covering Cohesion Policy in Europe/COPE) ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში და მოწვეული სპიკერის როლში შეხვდა საერთაშორისო ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
 
აღნიშნული პროექტი ევროკავშირის ჟურნალისტური გაშუქების საკითხებზე ახალი აკადემიური კურსებისა და ტრენინგმოდულების განვითარებას ისახავს მიზნად. COPE პროექტი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის უნივერსიტეტების მონაწილეობით დაიწყო, 2025 წლიდან კი პროექტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის უნივერსიტეტებიც გაერთიანდნენ. პროექტში ჩართულობა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
 
მაია მიქაშავიძემ მონაწილეობა მიიღო ბონში გამართულ “დოიჩე ველეს” გლობალურ მედია ფორუმშიც. ფორუმზე შეკრებილმა ჟურნალისტებმა, მედიის მკვლევრებმა, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებმა, მედიამფლობელებმა და მედიის პოლიტიკის შემმუშავებლებმა განიხილეს მედიის თავისუფლების, დეზინფორმაციასთან ბრძოლის, ხელოვნური ინტელექტის გავლენის, დემოკრატიისა და მედიისადმი საზოგადოების ნდობის გაძლიერების საკითხები. ფორუმი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებისა და მედიის სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვისთვის.