პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებათა ცენტრის და UNICEF-ის თანამშრომლობით

8 მარტი 2026

UNICEF-ის პროექტის ფარგლებში 7 მარტს, გაიმართა შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან. დისკუსიების მიზანი იყო ბავშვის უფლებების სწავლების პრაქტიკის, არსებული გამოწვევებისა და მონაწილეთა გამოცდილების იდენტიფიცირება.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თბილისის სხვადასხვა სკოლების მოსწავლეები (ჯამში 45 მოსწავლე), ასევე სკოლის მასწავლებლები და არაფორმალური განათლების ცენტრების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტში.

 

შეხვედრას უძღვებოდნენ პროექტის დირექტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ავალიანი და კავკასიის უნივერსიტეტის ბავშვის უფლებების ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან დარბაიძე.

 

მოსწავლეებმა აქტიურად გამოხატეს საკუთარი პოზიციები სკოლაში ბავშვის უფლებების სწავლების შესახებ. მათ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ სასწავლო პროცესი უნდა იყოს უფრო ინტერაქტიული, პრაქტიკულ მაგალითებზე დაფუძნებული და მათ ყოველდღიურ გამოცდილებასთან დაკავშირებული. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვებმა არა მხოლოდ თეორიულად იცოდნენ საკუთარი უფლებები, არამედ შეძლონ მათი გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.

 

ასევე, მოსწავლეებმა ისაუბრეს სკოლაში თანასწორობის, უსაფრთხო გარემოსა და ურთიერთპატივისცემის მნიშვნელობაზე. მათი თქმით, სასურველია, რომ სკოლებში უფრო ხშირად ტარდებოდეს დისკუსიები, ტრენინგები და სიმულაციური აქტივობები, რაც დაეხმარება მათ საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვასა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებაში.

 

დისკუსიის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, იყვნენ ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რომლებიც მათ ეხებათ, და ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა საკუთარი ხმის გასაგონებლად როგორც სკოლაში, ისე საზოგადოების სხვა სფეროებში.