სტატია, სახელწოდებით “Why Russia’s War in Ukraine Is Not NATO’s Fault: Popular Realism and the Misattribution of Responsibility” („რატომ არ არის რუსეთის ომი უკრაინაში NATO-ს ბრალი: პოპულარული რეალიზმი და პასუხისმგებლობის მცდარი მიკუთვნება“), დაიბეჭდა საერთაშორისო რეფერირებად (Q2; SJR 0.24) ჟურნალში „Connections: The Quarterly Journal“.
ეს გახლავთ NATO-ს „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ კონსორციუმის თავდაცვის აკადემიებისა და უსაფრთხოების კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანების საფლაგმანო გამოცემა.
ნაშრომი კრიტიკულად განიხილავს საერთაშორისო ურთიერთობების რეალისტური თეორიის დომინატურ ინტერპრეტაციებს, რომლებიც რუსეთის უკრაინაში აგრესიის მთავარ მიზეზად NATO-ს გაფართოებას ასახელებენ. სტატიაში შემოთავაზებულია „პოპულარიზებული რეალიზმის“ (Popularized Realism) კონცეფცია, რომელიც აღწერს, როგორ კარგავს აკადემიური თეორიის არგუმენტები მნიშვნელოვან დათქმებსა და განმსაზღვრელ პირობებს საჯარო და პოლიტიკურ დისკურსში გადატანისას და როგორ გარდაიქმნება კომპლექსური თეორიული ახსნები გამარტივებულ, დეტერმინისტულ მტკიცებებად.
ავტორი აჩვენებს, როგორ უწყობს ხელს მსგავსი ინტერპრეტაციები უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი მოქმედების მნიშვნელობის დაკნინებას, ესკალაციის საფრთხის გადაჭარბებულ შეფასებას და რუსეთის აგრესიაზე პასუხისმგებლობის აბსტრაქტულ სტრუქტურულ ფაქტორებზე გადატანას. ნაშრომი ამ გამარტივებულ ახსნებს აკრიტიკებს ფართო ისტორიული კონტექსტის თუ თეორიული მრავალფეროვნების კვლავ წინა პლანზე წამოწევით და ხაზს უსვამს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიული არგუმენტების აკადემიური სიზუსტის შენარჩუნების მნიშვნელობას საჯარო დისკურსსა და პოლიტიკის ფორმირების პროცესში.
სტატიის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე.
