ჟან მონეს მოდულის სამწლიანი პროექტის - შემაჯამებელი კონფერენცია

6 October 2026

კავკასიის მედიის სკოლაში ჟან მონეს მოდულის სამწლიანი პროექტის - შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. პროექტ "მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში" ხელმძღვანელის, კავკასიის მედიის სკოლის ასოცირებული პროფესორის, გიორგი ჯოლოგუას განმარტებით, მისი ძირითადი მიზანი იყო საქართველოს ფორმალური საგანმანათლებლო სისტემის ევროპულთან დაახლოება და მასში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ევროპული პრაქტიკით ინტეგრირება.

 

პროექტის შემაჯამებელ კონფერენციას დაესწრო ლენკა ვიტკოვა, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი. მისი თქმით, „მედიაწიგნიერება ინფორმირებული მოქალაქეობის, კრიტიკული აზროვნებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებისთვის საკვანძო კომპეტენციაა. დღევანდელი საინფორმაციო გარემოს საფრთხეები მრავალია - დაწყებული ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მასალით, რომელიც რეალურსა და წარმოსახვითს შორის ზღვარს შლის, დამთავრებული მიზანმიმართული დეზინფორმაციითა და მანიპულირებული კონტენტით“.

 

პროექტის ფარგლებში:

 

  • 314-მა მასწავლებელმა საქართველოს 74 სკოლიდან სასწავლო პროცესში მედიაწიგნიერების კომპეტენციის ინტეგრირების ევროპული სტანდარტის მომზადება მიიღო;
  • 161-მა მოსწავლემ 12 სკოლიდან მონაწილეობა მიიღო საზაფხულო სკოლაში "ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ";
  • მედიაწიგნიერება სავალდებულო საგნის სახით დამკვიდრდა კავკასიის უნივერსიტეტის პედაგოგთა მოსამზადებელი პროგრამების სტუდენტებისათვის, არჩევით საგნად - სხვადასხვა პროგრამაში. პროექტის ფარგლებში, საგანი გაიარა 5 ჯგუფის 108 სტუდენტმა;
  • ჩატარდა კვლევა იმის დასადგენად, თუ მედიაწიგნიერების რომელი ევროპული მოდელი დაინერგება ყველაზე ეფექტიანად ქართულ აკადემიურ სფეროში.

 

ჟან მონეს პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.