შეხვედრა ქართველ მეწარმე თამარ აბულაძესთან

11 May 2026

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლას ეწვია და სტუდენტებს შეხვდა თამარ აბულაძე - ქართველი მეწარმე და ინოვაციური ბრენდის, Wine Diamond-ის დამფუძნებელი, რომელმაც ღვინის ქვა პრემიუმ კლასის საიუველირო ნაკეთობად გარდაქმნა და ქართული მეღვინეობის ტრადიცია თანამედროვე დიზაინთან გააერთიანა.

 

შეხვედრა დაეთმო ბრენდის შექმნისა და განვითარების ისტორიას. სპიკერმა აუდიტორიას გაუზიარა Wine Diamond-ის ჩამოყალიბების საწყისი ეტაპები და ის გამოწვევები, რომლებიც ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვას ახლდა თან. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბრენდის საერთაშორისო წარმატებაზე, მათ შორის ისეთი გავლენიანი გამოცემის ინტერესზე, როგორიცაა The New York Times, რამაც ქართულ ინოვაციას გლობალური ცნობადობა მოუტანა.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში ასევე განიხილეს ბრენდის განვითარების სტრატეგია, ახალი კოლექციები და სამომავლო გეგმები. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ახლოს გაცნობოდნენ ღვინის ქვისგან დამზადებულ უნიკალურ ნაკეთობებს, რომლებიც კონკრეტული მოსავლისა და ყურძნის ჯიშის ისტორიას ასახავს.

 

ლექციამ აუდიტორიაში დიდი ინტერესი გამოიწვია და აქტიური დისკუსიით დასრულდა.