თენგიზ ვერულავას და რევაზ ჯორბენაძის ნაშრომი A დონის ბრიტანულ ჟურნალში გამოქვეყნდა

17 September 2026

A დონის საერთაშორისო რეფერირებად ბრიტანულ ჟურნალში „International Journal of Health Governance“ გამოქვეყნდა ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი  კვლევა “Performance-based financing as a quality governance reform in primary health care: workforce perspectives”.

 

ნაშრომის ავტორები არიან: თენგიზ ვერულავა და რევაზ ჯორბენაძე.

 

სტატიის ბმული.

 

Verulava, T., & Jorbenadze, R. (2026). Performance-based financing as a quality governance reform in primary health care: workforce perspectives. International Journal of Health Governance, 1-13. https://doi.org/10.1108/IJHG-03-2026-0059 

 

ჟურნალი „International Journal of Health Governance“ ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში CiteScore - 4.3 და რანჟირებით მიეკუთვნება A დონეს. იხ. https://www.scopus.com/sourceid/21100466891

 

კვლევა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტისა და აკადემიკოს გ. ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის თანამშრომლობით. ისინი მრავალი წელია თანამშრომლობენ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში, რაც ადასტურებს მათ მტკიცე პარტნიორობას კლინიკური კვლევისა და აკადემიური საქმიანობის მიმართულებით.

 

რეზიუმე:

 

კვლევა ეხება საქართველოში პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების რეფორმას. 2025 წლის ივლისში საქართველოში განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების სისტემაში: ერთგვაროვანი კაპიტაცია ჩანაცვლდა ასაკის მიხედვით დიფერენცირებული კაპიტაციით და დაინერგა შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურების მექანიზმები, რომლებიც დაკავშირებულია პრევენციული მომსახურებისა და ქრონიკული დაავადებების მართვის მაჩვენებლებთან. რეფორმის მიზანია პრევენციის გაძლიერება, დაავადებათა ადრეული გამოვლენის გაუმჯობესება და პირველადი ჯანდაცვის ხარისხის გაზომვადი შედეგების გაუმჯობესება. ეს მიდგომა შეესაბამება საერთაშორისო ტენდენციას ღირებულებაზე დაფუძნებული ჯანდაცვისკენ, თუმცა მისი წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ხორციელდება რეფორმა პრაქტიკაში და როგორ აღიქვამენ მას პროფესიონალები.

 

შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურება (Pay-for-Performance, P4P) ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფინანსური მექანიზმია, რომელიც მომსახურების მიმწოდებლის ანაზღაურების ნაწილს წინასწარ განსაზღვრული ხარისხისა და შედეგების მაჩვენებლების მიღწევას უკავშირებს. პირველადი ჯანდაცვის დონეზე ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მიმართულია პრევენციული სერვისების, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისკენ.

 

კვლევა შეისწავლის, თუ როგორ მოქმედებს ასაკის მიხედვით დიფერენცირებული კაპიტაცია და შესრულებაზე დაფუძნებული ანაზღაურება სამედიცინო პერსონალის სამუშაო პროცესზე, ანგარიშვალდებულებაზე, სამართლიანობის აღქმასა და პროფესიულ როლზე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დაფინანსების ახალმა მოდელმა ხელი შეუწყო პირველადი ჯანდაცვის უფრო პრევენციულ და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ორიენტირებულ მიდგომაზე გადასვლას. ამასთან, გამოიკვეთა ადმინისტრაციული დატვირთვის ზრდა, გაზრდილ ანგარიშვალდებულებასა და გადაწყვეტილებების მიღებაში პროფესიონალთა შეზღუდულ მონაწილეობას შორის დისბალანსი, ასევე სტანდარტიზებული შესრულების მაჩვენებლების ადგილობრივ სოციალურ-ეკონომიკურ და რეგიონულ პირობებთან შესაბამისობის პრობლემა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა შეფასების სისტემის სამართლიანობისა და გამჭვირვალობის აღქმა, რაც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პროფესიონალთა ნდობასა და რეფორმაში ჩართულობას.

 

ამგვარად, შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსება მხოლოდ ფინანსური სტიმულირების ინსტრუმენტი არ არის - იგი პირველადი ჯანდაცვის ხარისხის მმართველობის მნიშვნელოვანი მექანიზმია. მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ფინანსური სტიმულებისა და შესრულების მაჩვენებლების სწორ დიზაინზე, არამედ მმართველობის ხარისხზე, შეფასების სისტემის სამართლიანობასა და გამჭვირვალობაზე, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებასა და სამედიცინო პერსონალის აქტიურ მონაწილეობაზე. შესაბამისად, ჯანდაცვის პროფესიონალები უნდა განიხილებოდნენ არა მხოლოდ რეფორმის შემსრულებლებად, არამედ ხარისხის გაუმჯობესებისა და რეფორმის განვითარების სრულფასოვან პარტნიორებად.

 

ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრი.

კავკასიის უნივერსიტეტი.