კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი მარნეულში - თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები

22 October 2026

20 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა -მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი თამთა ბუთხუზმა, სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის უფროსი მერი ხვიჩიამ და მარკეტინგული პროექტების მენეჯერმა ჯეიხუნ მუჰამედალმა მარნეულის ადგილობრივ საგანმანათლებლო ცენტრებსა და რეგიონულ მედიასთან შეხვედრები გამართეს.

 

ვიზიტის მიზანს რეგიონში კავკასიის უნივერსიტეტის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლება და ადგილობრივ ორგანიზაციებთან სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო.

 

პირველი შეხვედრა მარნეულის განათლებისა და განვითარების ცენტრში გაიმართა. CU-ის წარმომადგენლები ცენტრის ხელმძღვანელ ემინ აჰმედოვს შეხვდნენ, გაეცნენ ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე საგანმანათლებლო პროექტებს. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

 

მეორე შეხვედრა რეგიონული მედიის, 24News.ge-ის, ოფისში შედგა. უნივერსიტეტის წარმომადგენლები შეხვდნენ როგორც მედიის ხელმძღვანელს, ისე თანამშრომლებს. შეხვედრაზე მხარეებმა უნივერსიტეტსა და რეგიონულ მედიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობაში უმაღლესი განათლების შესაძლებლობებისა და უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობას.

 

მესამე შეხვედრა ორგანიზაცია „Sophopolis“-ის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ცენტრის ხელმძღვანელ ელვირ ჰასანოღლის შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ისინი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ და აბიტურიენტებს შეხვდნენ. ახალგაზრდებს მიეწოდათ ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების, უმაღლესი განათლების შესაძლებლობებისა და უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ.

 

ვიზიტის დასასრულს კავკასიის უნივერსიტეტის სახელით ემინ აჰმედოვი, ელვირ გასანოვი და 24News.ge დაჯილდოვდნენ წარმატებული საქმიანობისა და საგანმანათლებლო და საინფორმაციო მიმართულებით შეტანილი წვლილისთვის. ჯილდოები მათ კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა თამთა ბუთხუზმა გადასცა.

 

აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავდა კავკასიის უნივერსიტეტსა და რეგიონში მოქმედ საგანმანათლებლო ცენტრებსა და მედიას შორის პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას, ახალგაზრდებისთვის უმაღლესი განათლების შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას.

 

ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების შედეგად, უახლოეს მომავალში დაგეგმილია სამივე ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრების გამართვა კავკასიის უნივერსიტეტში, სადაც მხარეები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს გააფორმებენ.