5 მაისს, 17:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის და ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის ერთობლივი საჯარო ლექცია გაიმართება თემაზე - ევროპა ქართველთა თვალით: ძველ სამყაროში განვითარებული დიალოგი.
ლექციას წაიკითხავს კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის დოქტორი-დავით თინიკაშვილი.
ლექცია ჩატარდება ჭავჭავაძის ცენტრში მისამართი: თბილისი, გიორგი ახვლედიანის 20.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
რეზიუმე:
ევროპელ ქრისტიანებსა და ქართველებს შორის არსებობდა პოლიტიკური, რელიგიური, სამხედრო, დიპლომატიური და ყოველდღიური სოციალური კავშირები. საუკუნეების მანძილზე მართლმადიდებელ ქართველებს, ერთმორწმუნე ბერძნებისგან განსხვავებით, კეთილმეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ რომის კათოლიკეებთან, რაც ვლინდებოდა როგორც საერო, ისე რელიგიურ სფეროში. ამას მოწმობს წერილობითი ძეგლებიც, იქნება ეს ქართველი მონარქებისა და ეკლესიის მეთაურთა ეპისტოლეები, რომლებშიც ზოგჯერ ქართველთა მხრიდან პაპის უზენაესობის აღიარების მზადყოფნაა გამოხატული, თუ თეოლოგიური ხასიათის ტექსტები, მაგ., წმინდა გიორგი ათონელი († 1065) უდრტვინველად თარგმნის ათანასეს მრწამსს, რომელიც ნათლად შეიცავს ფილიოკვეს. ამგვარი წერილობითი წყაროები მოწმობს არა მხოლოდ პოლიტიკურ და კულტურულ სწრაფვას დასავლეთისკენ, არამედ რელიგიური და თეოლოგიური სახის ღიაობასაც, რაც უნიკალურია. ცალკე აღნიშვნის ღირსია სამხედრო თანამშრომლობა ჯვაროსნებსა და ქართველებს შორის საერთო მუსლიმური მტრის წინააღმდეგ. ქართველი მემატიანე სწორედ ჯვაროსნების წარმატებას უკავშირებდა საქართველოს გაძლიერებას. ჯვაროსნული თანამშრომლობა ორმხრივი იყო — არა მხოლოდ ჯვაროსნები ეხმარებიან ქართველებს დიდგორის ომში, არამედ ქართველი მეომრებიც ჯვაროსნების მხარდამხარ იბრძვიან პალესტინაში. ბუნებრივია, დასავლეთისადმი ქართულ მისწრაფებას თავისი დაბრკოლებებიც ჰქონდა, რაც შესაბამისად, იქნება გააზრებული და განმარტებული საჯარო ლექციისას
ბიოგრაფია:
დავით თინიკაშვილი — კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი. დოქტორის აკადემიური ხარისხი ისტორიის, ხოლო მაგისტრისა და ბაკალავრის ხარისხები ქრისტიანული თეოლოგიის მიმართულებით აქვს მოპოვებული. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო და საგანმანათლებლო პუბლიკაციისა ქართულ და უცხოურ ენებზე. დასავლეთ ევროპაში (ოქსფორდი, მაინის ფრანკფურტი, ნაიმეგენი) კვლევითი მივლინებებისას დაწერილი მისი უცხოენოვანი სტატიები გამოქვეყნებულია შემდეგ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში: Journal of Eastern Christian Studies (2019), Catholic Historical Review (2021), Orientalia Christiana Periodica (2022), Catholic Historical Review (2024).