„კავკასიის სამართლის ჟურნალი“ აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის I ნომრისთვის

25 სექტემბერი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი სამეცნიერო ჟურნალი „კავკასიის სამართლის ჟურნალი“ (Caucasus Law Journal) აცხადებს სტატიების კონკურსს I ნომრისთვის.

 

სტატიების წარდგენის პერიოდი: 2026 წლის 25 სექტემბრიდან 6 ნოემბრის ჩათვლით.

 

ჟურნალი გამოიცემა ინგლისურ ენაზე, წელიწადში ორჯერ, ბეჭდური და ელექტრონული ფორმით. ელექტრონული გამოცემა ღია წვდომით არის ხელმისაწვდომი. ჟურნალს მინიჭებული აქვს ISSN 3088-4446 და e-ISSN 3088-4454. ჟურნალის გამომცემელია შპს „კავკასიის უნივერსიტეტი“. სტატიის წარდგენა და გამოქვეყნება უსასყიდლოა.

 

კონკურსის თემატიკა

 

კონკურსზე მიიღება სამართლის აქტუალურ საკითხებზე შესრულებული სამეცნიერო სტატიები, რომლებიც შეიცავს სამეცნიერო სიახლეს. ჟურნალი დაინტერესებულია პრაქტიკული, სამეცნიერო და შედარებით-სამართლებრივი კვლევებით, მათ შორის ნაშრომებით, რომლებიც ქართული სამართლის ევროპულ და საერთაშორისო სამართლებრივ გარემოსთან ურთიერთმიმართებას იკვლევს.

 

ავტორები

 

სტატიის წარდგენა შეუძლიათ კავკასიის უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, უცხოეთის უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების აკადემიურ პერსონალს, დამოუკიდებელ მკვლევრებს, დოქტორანტებსა და პრაქტიკოს იურისტებს. ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან თანაავტორობით.

 

სტატიების განხილვის წესი

 

რედაქცია თავდაპირველად ამოწმებს ნაშრომის შესაბამისობას ჟურნალის თემატიკასთან, სარედაქციო პოლიტიკასთან, პუბლიკაციის ეთიკის, ციტირებისა და გაფორმების მოთხოვნებთან. მოთხოვნებთან შეუსაბამო ნაშრომი რეცენზირებაზე არ იგზავნება. ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ავტორს ეცნობება მისი გამოსწორების საჭიროების შესახებ და განესაზღვრება გონივრული ვადა, რომელიც არ აღემატება 7 კალენდარულ დღეს.

 

დასაშვებად მიჩნეული ნაშრომი ანონიმურად ეგზავნება სულ მცირე ორ რეცენზენტს და ფასდება ორმხრივად ანონიმური რეცენზირების წესით (Double-Blind Peer Review). აკადემიური კეთილსინდისიერების შემოწმებისას გამოიყენება Turnitin, რომლის ანგარიში შეფასების დამხმარე საშუალებაა.

 

საავტორო უფლებები

 

ავტორები ინარჩუნებენ თავიანთ ნაშრომებზე საავტორო უფლებებს და ჟურნალს ანიჭებენ ნაშრომის პირველად გამოქვეყნების უფლებას. გამოქვეყნებული სტატიები ხელმისაწვდომია Creative Commons Attribution 4.0 International (CC BY 4.0) ლიცენზიით.

 

DOI და საერთაშორისო ხილვადობა

 

ჟურნალი Crossref-ში გაწევრიანების პროცესშია. თითოეული გამოქვეყნებული სტატიისთვის დაგეგმილია ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორის (DOI) მინიჭება. ჟურნალის განვითარების პოლიტიკა ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში ეტაპობრივი ინდექსირებისთვის საჭირო პროცედურებს.

 

სტატიის წარდგენა

 

ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე და შეესაბამებოდეს ჟურნალის ავტორთა სახელმძღვანელოს მოთხოვნებს.

 

სტატია, შევსებული ავტორის განაცხადის ფორმა და ხელმოწერილი ავტორის დეკლარაციის ფორმა წარადგინეთ Caucasus Law Journal-ის ელექტრონულ პლატფორმაზე, ავტორის ანგარიშიდან, ან გამოაგზავნეთ ჟურნალის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე csljournal@cu.edu.ge.

 

სტატიის ელექტრონული ფოსტით გამოგზავნით ან პლატფორმაზე ატვირთვით ავტორი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ჟურნალის დებულებას, პუბლიკაციის ეთიკის წესებს და ავტორთა სახელმძღვანელოს.

 

კონკურსის შედეგები

 

კონკურსის შედეგად ჟურნალის I ნომერში გამოსაქვეყნებლად შეირჩევა არაუმეტეს 12 სამეცნიერო სტატიისა. საბოლოო გადაწყვეტილებას რეცენზენტთა შეფასებების გათვალისწინებით იღებს ჟურნალის სარედაქციო კოლეგია. გადაწყვეტილება ავტორს ეცნობება ელექტრონული ფოსტით. გამოქვეყნებამდე ტექნიკურად დამუშავებული სტატია ავტორს ეგზავნება საბოლოო ტექსტის შესამოწმებლად.

 

გისურვებთ, წარმატებებს!