აღდგენითი მართლმსაჯულება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები

3 მარტი 2023

2 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: „აღდგენითი მართლმსაჯულება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები“.

 

ღონისძიება გახსნა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიესალმა სოფიო შენგელია - კავკასიის სამართლის სკოლის დეკანი.

 

საჯარო ლექცია წაიკითხეს სპიკერებმა შემდეგ თემებზე:

 

  • ივო ერცენი - ბელგიის ქ. ლუვენის უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი - თემებზე: აღდგენითი მართლმსაჯულების არსი, მისი დაბადების და განვითარების ისტორია ევროპაში; პროკურორის და მოსამართლის როლი აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებაში.
  • მაია ჩოჩუა - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის გამგეობის წევრი, Dai Global საკონსულტაციო კომპანიის მრჩეველი მართლმსაჯულების და კარგი მმართველობის საკითხებში - თემებზე: ევროკავშირის მართლმსაჯულების EU4Justice პროექტის მიერ განხორციელებული აქტივობები/ მიღწევები აღდგენითი მართლმსაჯულების დანერგვისა და განვითარების საქმეში; აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული ფორუმის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და აქტივობები.
  • თეონა კუჭავა - გაეროს ბავშვთა ფონდის ბავშვთა დაცვის სპეციალისტი - თემებზე: აღდგენითი მიდგომების დანერგვის მნიშვნელობა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების და ბავშვის უფლებათა სწავლების გაძლიერების მნიშვნელობა ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს სასწავლებლებში.
  • ლევან დარბაიძე - გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, კავკასიის უნივერსიტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი - თემებზე: აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების ხედვა მოსამართლის პერსპექტივიდან; აღდგენითი მართლმსაჯულება საუნივერსიტეტო სწავლებაში.
  • რენატე ვინტერი - გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, მოსამართლე - თემებზე: მთავარი მიღწევები და გამოწვევები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში საქართველოში; აღდგენით მართლმსაჯულება და ბავშვთა უფლებები - თანამედროვე ევროპული მიდგომები.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, ლექციის ბოლოს დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის საინტერესო კითხვები დაესვათ და მიეღოთ ამომწურავი პასუხები მომხსენებლებისგან.

 

აღდგენითი მართლმსაჯულება, სხვა ტრადიციულ სისხლის სამართლის მეთოდებთან შედარებით, გვთავაზობს დანაშაულთან ბრძოლის განსხვავებულ გზას. ეს არის სამართლის იმგვარი აღსრულება, როდესაც ზიანის ანაზღაურება და დანაშაულის გამოსწორება დამნაშავესა და მსხვერპლს შორის პირდაპირი კომუნიკაციის გზით, ურთიერთგაგებისა და შეთანხმების საფუძველზე ხორციელდება, სადაც თითოეული მონაწილის საჭიროებებისა და სურვილების დაფასება თანაბრად ხდება.

 

უნდა აღნიშნოს, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამაზე აღდგენითი მართლმსაჯულება დამოუკიდებელ სასწავლო დისციპლინად ჩამოყალიბდა და 2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან უკვე ისწავლება მაგისტრატურის საფეხურზე არჩევითი საგნის სახით.