2025 წლის, 20 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბმა, უმასპინძლა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორში.
შეხვედრა გაიმართა გარე სტეიკჰოლდერებთან დაგეგმილი შეხვედრების სერიის ფარგლებში და მიზნად ისახავდა ჰაბის მისიის, შეთავაზებებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების გაზიარებას. მწვანე ტურიზმის ჰაბი ფუნქციონირებს Erasmus+ ENRICHER Hubs პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიზნად ისახავს მდგრადი ტურიზმისა და მომსახურების დიზაინის მიმართულებით კომპეტენციების გაძლიერებას საქართველოში და მოლდოვაში.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ჰაბის ძირითად დაგეგმილ საქმიანობებს, მათ შორის პროფესიულ ტრენინგებს, კვლევების ჩატარების, მონაცემთა ანალიზისა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შესაძლებლობებს. დისკუსიის დროს გამოიკვეთა ტურიზმის ბიზნესის წინაშე არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევები - სეზონურობა, კადრების დეფიციტი, გაციფრულების პროცესები, რეგულაციებთან ადაპტაცია და ბაზარზე პოზიციონირების საკითხები. მონაწილეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი ჰაბის ცნობადობის ზრდის, პრაქტიკულ საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების განვითარებისა და ნეთვორქინგისა და დასაქმების პლატფორმების შექმნის მნიშვნელობას.
შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აკადემიური სექტორისა და ტურიზმის ინდუსტრიის თანამშრომლობის მნიშვნელობა და ჰაბის როლი, როგორც ცოდნის გადაცემის, ინოვაციის მხარდაჭერისა და მდგრადი ტურიზმის განვითარების პლატფორმა საქართველოში.
