კავკასიის უნივერსიტეტში „სამეცნიერო კვირეული 2026“ იწყება

6 ოქტომბერი 2026

9 ოქტომბრიდან კავკასიის უნივერსიტეტში „სამეცნიერო კვირეული 2026“ დაიწყება და გაგრძელდება 16 ოქტომბრამდე. ღონისძიება მოიცავს საერთაშორისო კონფერენციებს, პანელურ დისკუსიას და ვორკშოპებს.

 

კვირეულში მონაწილეობას მიიღებს დაახლოებით 120 მომხსენებელი, მათ შორის 50-მდე საერთაშორისო მონაწილე მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნიდან. მკვლევარებს შესაძლებლობა ექნებათ, წარადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და საფუძველი ჩაუყარონ ახალ აკადემიურ კავშირებს.

 

კვირეულის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები: 

 

  • საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირის გაფართოება: პრაქტიკა და გამოწვევები“ 9-10 სექტემბერი - Erasmus + ჟან მონეს კათედრა EU-PPS თანამშრომლობით;
  • XI წლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „განათლება, მეცნიერება და ტექნოლოგიები მდგრადი განვითარებისთვის“
  • კავკასიის უნივერსიტეტის და ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ერთობლივი საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „ავტორიტარიზმი, ნარატივები და კულტურა: უწყვეტობა, წყვეტა და ცვლილება წარსულსა და აწმყოში“ 15-16 ოქტომბერი;
  • პანელური დისკუსია სამეცნიერო კომუნიკაციის შესახებ - 12 ოქტომბერი;
  • ვორკშოპი „კვლევის ეთიკა პრაქტიკაში“ - 13 ოქტომბერი.

 

პანელური დისკუსია სამეცნიერო კომუნიკაციის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის წამყვან მკვლევრებს გააერთიანებს. დისკუსია მეცნიერების კომუნიკაციის მზარდ მნიშვნელობასა და მკვლევრის როლს შეეხება; განიხილება, როგორ შეიძლება გახდეს აკადემიური ცოდნა ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, გასაგები და აქტუალური. მონაწილეები იმსჯელებენ, როგორ შეუძლიათ მეცნიერებს რთული აკადემიური სივრცის მიღმა კვლევის შედეგების გაზიარება სამეცნიერო სიზუსტის შენარჩუნებით და როგორ ცვლის ციფრული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი და სოციალური მედია სხვადასხვა აუდიტორიამდე კვლევის შედეგების მიტანის გზებს.

 

კვლევის ეთიკის სემინარზე განიხილება, რატომ არის ეთიკური პრინციპები მნიშვნელოვანი კვლევის ყველა ეტაპზე. მონაწილეები გაეცნობიან ძირითად საერთაშორისო დეკლარაციებსა და სახელმძღვანელო დოკუმენტებს, შემდეგ კი იმსჯელებენ, როგორ გამოიყენონ ისინი პრაქტიკაში: კვლევის დაწყებამდე რისკებისა და სარგებლის შეფასება, ინფორმირებული თანხმობის მიღება, მონაწილეთა უფლებებისა და კონფიდენციალურობის დაცვა და კვლევის მონაცემების პასუხისმგებლიანი მართვა. ასევე განიხილება, როგორ აფასებს განაცხადებს ინსტიტუციური განხილვის საბჭო (IRB) და როგორ შეუძლია მკვლევარს ეთიკური გადაწყვეტილებების მკაფიო და კარგად დასაბუთებული არგუმენტაცია. პრაქტიკული მაგალითების საშუალებით სემინარი საერთაშორისო სტანდარტებს იმ გადაწყვეტილებებთან დააკავშირებს, რომლებსაც მკვლევრები საკუთარ საქმიანობაში აწყდებიან.   

 

კვლევის ეთიკის ტრენინგზე დარეგისტრირებისათვის, გთხოვთ, შეავსოთ მოცემული ბმული.