კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები NISPAcee-ის 34-ე ყოველწლიურ კონფერენციაში

2 ივნისი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს NISPAcee-ის 34-ე ყოველწლიურ კონფერენციაში – „გაურკვევლობის მართვა: დემოკრატიის გაძლიერება პასუხისმგებლიანი საჯარო მმართველობის გზით“ (Governing Uncertainty: Strengthening Democracy Through Responsible Public Administration), რომელიც სოფიაში (ბულგარეთი) გაიმართა წმინდა კლიმენტ ოჰრიდსკის სახელობის სოფიის უნივერსიტეტის მასპინძლობით.

 

კონფერენციის ფარგლებში სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ეკა აკობიამ, მონაწილეობა მიიღო NISPAcee-ის მმართველი კომიტეტის სამუშაო შეხვედრაში, სადაც ორგანიზაციის მიმდინარე საქმიანობა, სტრატეგიული პრიორიტეტები და სამომავლო განვითარების მიმართულებები განიხილეს. ასევე, მომავალი წლის კონფერენციის მომსამზადებელი სამუშაოები. როგორც ორგანიზაციის უშუალო ყოფილი პრეზიდენტი, ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ლუბლიანას უნივერსიტეტის პროფესორ მაია კლუნთან და აღმასრულებელ მდივან ლუდმილა გადჯოსოვასთან ერთად ის ასევე მონაწილეობდა NISPAcee-ის პარტნიორ ორგანიზაციებთან სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში, სადაც განხილული იყო თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების კონკრეტული მიმართულებები.

 

კონფერენციაზე მე-6 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორმა ვახტანგ ფარცვანიამ წარადგინა მისი და კავკასიის ბიზნესის სკოლის პროფესორის, ერეკლე პირველის ერთობლივი კვლევა: „Reverse Sanctions Evasion and Evidence-Based Policy Gaps“. ნაშრომი ეძღვნებოდა საქართველოს გავლით რუსული ნავთობის რეექსპორტის საკითხს, სანქციების აღსრულების გამოწვევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების საჭიროებას.

 

NISPAcee (The Network of Institutes and Schools of Public Administration in Central and Eastern Europe) წარმოადგენს საჯარო მმართველობის სფეროს ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ ქსელს, რომელიც ხელს უწყობს კვლევითი თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

 

კავკასიის უნივერსიტეტი აქტიურად აგრძელებს საერთაშორისო აკადემიურ და პროფესიულ ქსელებში ჩართულობას, რაც ხელს უწყობს სკოლის ინტერნაციონალიზაციას, კვლევითი საქმიანობის განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას.