კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მიერ ორგანიზებული საუნივერსიტეტო კონკურსის - UNI4VERSE - საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრაზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პროექტების მენეჯერმა, მარიამ ვარდიძემ, Uni4verse პროექტის კოორდინატორმა, ავთო თავდიშვილმა, Amadeo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ კოშაძემ და ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა, თამთა შვანგირაძემ, დაინტერესებულ სტუდენტებს საუნივერსიტეტო კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ისაუბრეს კონკურსის მიზნებზე, მონაწილეობის პირობებზე, ასევე ფინანსური განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.
UNI4VERSE საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს უნივერსიტეტებსა და სტუდენტებში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ ინტერესისა და ჩართულობის გაზრდას. 2026 წლის კონკურსში მთელი საქართველოს მასშტაბით 32 უნივერსიტეტი იღებს მონაწილეობას.
წლევანდელი კონკურსი FINTECH-ისა და FINEDU-ს (ფინანსური განათლების) თემატიკას ეძღვნება და მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, რეალურ ფინანსურ გამოწვევებს ახალი, ინოვაციური იდეებით უპასუხონ.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეები იმუშავებენ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა ფინანსური სერვისების ინტეგრაცია, გრძელვადიანი ფინანსური დაგეგმვა, ფინანსური უსაფრთხოება, ყოველდღიური ფინანსები და მცირე ბიზნესის ფულადი ნაკადები.
პროექტი ყოველწლიურად გამოავლენს წლის გამარჯვებულ უნივერსიტეტს ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით.
პროექტის განმახორციელებელია ინოვაციური განათლების ფონდი. კონკურსში მონაწილე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდაჭერის პროცესში ჩართული იქნება ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი, რომელიც მონაწილეებს კონკურსისთვის მომზადებაში, იდეების განვითარებასა და საჭირო უნარების გაძლიერებაში დაეხმარება.
