13 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბის სტეიკჰოლდერებთან თანამშრომლობის სერიის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა ლიდერობის აკადემია „საბადოს“ ხელმძღვანელთან, გიორგი უგულავასთან.
შეხვედრის ფარგლებში გიორგი უგულავას მიეწოდა ინფორმაცია მწვანე ტურიზმის ჰაბის მიზნების, მიმდინარე საქმიანობებისა და დაგეგმილი ინიციატივების შესახებ. მხარეებმა იმსჯელეს მწვანე ტურიზმის, მდგრადი განვითარების, სერვისის დიზაინისა და არაფორმალური განათლების მიმართულებით ერთობლივ ინიციატივებზე.
შეხვედრის მთავარი თემა იყო „საბადოს“ პროგრამებში მწვანე ტურიზმისა და სერვისის დიზაინის მიმართულებით ტრენინგებისა და საგანმანათლებლო აქტივობების ინტეგრირება. საუბარი, ასევე, შეეხო ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში პროფესიული და მოკლევადიანი ტრენინგების შეთავაზებას საჯარო სკოლებისა და ახალგაზრდული პროგრამებისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდებისთვის პრაქტიკულ და გამოცდილებაზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს, რაც ეხმიანება ლიდერობის აკადემია „საბადოს“ ხედვას - არაფორმალური განათლების გზით ლიდერული და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
კავკასიის უნივერსიტეტის მწვანე ტურიზმის ჰაბი მომავალშიც აქტიურად განაგრძობს პარტნიორული ქსელის გაფართოებას, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი ტურიზმის სფეროში ცოდნის გავრცელებასა და ახალგაზრდებში პრაქტიკული უნარების განვითარებას.
