პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი ევროპულ ჟურნალში „Archives of the Balkan Medical Union“ გამოქვეყნდა

5 ოქტომბერი 2021

Balkan Medical Union“ გამოქვეყნდა

ევროპულ გავლენიან საერთაშორისო რეფერირებად გამოცემაში „Archives of the Balkan Medical Union“ გამოქვეყნდა პროფესორ თენგიზ ვერულავას სამეცნიერო ნაშრომი Context and issues of social health insurance introduction in Georgia („ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის დანერგვის კონტექსტი და გამოწვევები საქართველოში").

 

ჟურნალი Archives of the Balkan Medical Union ინდექსირებულია SCOPUS-ის საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში, რომლის CiteScore არის 0.8; იხ. https://www.scopus.com/sourceid/100850

 

კვლევის აღწერა:

 

ნაშრომი ეხება 1995 წელს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემის შემოღებას და მისი განვითარების ბარიერებს საქართელოში, კერძოდ, თუ რატომ აირჩია საქართველომ ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის (ბისმარკის მოდელი) და არა ზოგადი გადასახადებით დაფინანსების (ბევერიჯი) მოდელი და რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული მისი განვითარება? სოციალური დაზღვევის სისტემა უფრო მეტად არის ორიენტირებული საბაზრო მექანიზმების დანერგვაზე, სადაც პასუხისმგებლობა ჯანმრთელობაზე თანაბრად და სამართლიანად გადანაწილდება სახელმწიფოზე, დამქირავებელსა და დაქირავებულზე. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის მოდელის არჩევით საქართველო ეხმიანებოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებს. აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა 28 ქვეყნიდან 22-მა დანერგა ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი რეკომენდაციას უწევდნენ სოციალურ დაზღვევაზე დაფუძნებულ ჯანდაცვის სისტემას. მიუხედავად მიღწევებისა, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის დანერგვა მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა. ჯანდაცვის სისტემა განიცდიდა დაფინანსების ქრონიკულ დეფიციტს. 2004 წელს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა სოციალური დაზღვევის სისტემის დანერგვაზე და გადავიდა ზოგადი გადასახადებით დაფინანსების (ბევერიჯი) მოდელზე, რომელიც გამორიცხავს დაზღვევის პრინციპს, რადგან სახელმწიფო დომინანტურ როლს ასრულებს, ხოლო დაზღვევის ნაცვლად, ჯანდაცვა მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგივე მიდგომა გრძელდება დღესაც. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დაზღვევის სისტემა ყველაზე უკეთ ახდენს  ჯანდაცვის სექტორისათვის დამატებითი სახსრების მობილიზებას და შესაბამისად მდგრად დაფინანსებას, მიზანშეწონილია ქვეყანაში სოციალური დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა. ჯანდაცვის სფერო საჭიროებს რეფორმირების თანმიმდევრულობას, უწყვეტობას და მემკვიდრეობითობას.

 

სტატია იხილეთ ბმულზე

 

Verulava T, Jorbenadze A. Context and issues of social health insurance introduction in Georgia. Arch Balk Med Union. 2021;56(3):349-357. https://doi.org/10.31688/ABMU.2021.56.3.09