2025 წლის, 11 ივნისს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლამ უმასპინძლა სიენის კოლეჯის (ნიუ-იორკი) პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის სრულ პროფესორს, დოქტორ აუსრა პარკს.
საჯარო ლექციის თემა გახლდათ: „პატარა სახელმწიფოების დიპლომატია: ქალთა წარმომადგენლობა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებებში და ქალი ლიდერები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში“. პროფ. პარკის ლექცია შეეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერი და მცირე სახელმწიფოთა დიპლომატიური და საგარეო პოლიტიკური შესაძლებლობები, ქალთა წარმომადგენლობა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა უწყებებში სხვადასხვა დონეზე და ქალი ლიდერების როლი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. მან საკუთარი ვრცელი აკადემიური კვლევის საფუძველზე ისაუბრა, რა ევოლუცია განიცადა ქალების როლმა და ჩართულობამ საგარეო საქმეთა სამსახურსა და აღმასრულებელ პოზიციებზე პოსტ-საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული და რა მიღწევები და რა გამოწვევები არსებობს დღესდღეობით ამ თვალსაზრისით.
დოქტორმა პარკმა აუდიტორიას გააცნო საკუთარი მრავალწლიანი აკადემიური კვლევის ძირითადი მიგნებები. ლექციის შემდეგ გაიმართა აქტიური დისკუსია, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ განხილვაში.