სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „მაცნეში“

17 იანვარი 2022

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის „მაცნეში“ გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი „სამედიცინო განათლების რეფორმა საქართველოში: გამოცდილება, მომავლის ხედვა”.

ნაშრომის ავტორები არიან:

 თენგიზ ვერულავა - მედიცინის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის პროფესორი;

ავთანდილ ჯორბენაძე - მედიცინის დოქტორი, ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე

სტატიის მოკლე აღწერა:

დამოუკიდებელ საქართველოში ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეორიენტაციის შედეგად საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე პრინციპებზე აგებული სამედიცინო განათლების ახალ სისტემას, რომელიც ეხმიანებოდა მსოფლიოს უახლეს გამოცდილებას. თუმცა, რეფორმების გატარებაში უმთავრეს სირთულეს წარმოადგენდა სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე გამოყოფილი მწირი და არასრული დაფინანსება. ჯანდაცვის სისტემა განიცდიდა დაფინანსების ქრონიკულ დეფიციტს, რადგან სახელმწიფო ხშირად ვერ ახდენდა დაპირებული ვალდებულებების დაფინანსებას. შედეგად, უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღება და რესერთიფიცირება ექიმებს საკმაოდ დიდი თანხა უჯდებოდათ. 2003 წლიდან შეიცვალა მიდგომა უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის მიმართ და სამედიცინო პერსონალის უწყვეტი სამედიცინო განათლება სავალდებულო პირობას აღარ წარმოადგენს. დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის დამადასტურებელი სერთიფიკატი გაიცემა უვადოთ და ამ სერთიფიკატზე არ არის მიბმული მიღების შემდგომ პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების (ან შენარჩუნების) კრიტერიუმები – ექიმს არ ევალება რესერტიფიკაციის გავლა ან კრედიტების ქულების მოგროვება. შედარებისათვის, ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში უწყვეტი სამედიცინო განათლებაში მონაწილეობა სავალდებულოა. მაგალითისთვის, ავსტრიაში, გერმანიასა და უნგრეთში უწყვეტი სამედიცინო განათლებაში მონაწილეობა ექიმებისთვის სავალდებულოა, იტალიაში ნაციონალური ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ექიმებისათვის, ხოლო შვეიცარიაში ექიმთა ფედერაციის წევრებისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლებაში მონაწილეობა სავალდებულოა, ნიდერლანდებში და ნორვეგიაში ზოგადი პრაქტიკის ექიმებისათვის უწყვეტი სამედიცინო განათლებაში სავალდებულოა. ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო განათლების სისტემა (დიპლომამდელი განათლება, რეზიდენტურა, უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული განვითარება) საჭიროებს შემდგომ რეფორმირებას, რათა მოხდეს ჯანდაცვის სექტორში ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, ექიმების ახალი ნაკადის დაბალანსება და ექთნების როლის ამაღლება. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს პირდაპირი კორელაცია პაციენტის უსაფრთხოებას, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და უწყვეტ სამედიცინო განათლებას შორის, საჭიროა უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულოობის უზრუნველყოფა, რომელიც დაემყარება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას. საქართველო - ევროპული ორიენტაციის ქვეყანაა, სულ მალე, ალბათ, ევროკავშირის წევრები გავხდებით და ამდენად, სხვა მრავალ პარამეტრთან ერთად, ჩვენი სამედიცინო განათლების სისტემაც ევროგაერთიანების მოთხოვნების მიხედვით უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

 

სტატია იხილეთ ბმულზე