შეხვდი სტარტაპერს - ირაკლი ფხოველიშივილი

27 მარტი 2026

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით, „შეხვდი სტარტაპერს“ სერიის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთან, ანტრეპრენერთან, პროდუქტისა და ტექნოლოგიების პროფესიონალთან, რომელსაც აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება Riot Games-ში - ირაკლი ფხოველიშვილთან. 

 

სპიკერმა აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი კარიერული გზა, რომელიც მოიცავს მუშაობას ისეთ ტექნოლოგიურ ჰაბებში, როგორიცაა ლოს ანჯელესი, ჰონგ-კონგი და სინგაპური, და ისაუბრა იმ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომელიც დააგროვა როგორც საერთაშორისო კორპორატიულ გარემოში, ასევე სტარტაპების შექმნის პროცესში.

 

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტარტაპის განვითარების საწყის ეტაპებს - იდეის ფორმირებას, მისი რეალური საჭიროების გადამოწმებას, თანამოაზრეების მოძიებასა და იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია იდეის პროდუქტად და შემდგომ ბიზნესად გარდასაქმნელად.

 

ირაკლი ფხოველიშვილმა ასევე ისაუბრა საკუთარ სტარტაპებზე - MediMind.md-ზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით აუმჯობესებს სამედიცინო სერვისების მართვას, და FoxPrep.ai-ზე, რომელიც მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს ეხმარება გამოცდებისთვის უფრო ეფექტურად მომზადებაში.

 

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა, რაც დამსწრეებს შესაძლებლობას აძლევდა დაესვათ კითხვები, მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და მოესმინათ რეალური გამოცდილება როგორც საერთაშორისო კარიერიდან, ასევე სტარტაპების შექმნის პროცესიდან.