კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, ირენა მელუამ, და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კარბაიამ, მონაწილეობა მიიღეს რენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ფრანგულ-ქართული კვირეულში.
კვირეულის მიზანს წარმოადგენდა ქართულ და ფრანგულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის არსებული თანამშრომლობების გაღრმავება და ახალი ერთობლივი შესაძლებლობების შექმნა.
პროგრამის ფარგლებში, გაიმართა სამუშაო შეხვედრები და ვიზიტები ფრანგულ-ქართული კონსორციუმის წევრებთან, მათ შორის INSA Rennes-სა და EHESP-ში, რაც ქმნიდა აკადემიურ და სამეცნიერო მიმართულებით გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი ერთადერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრია. აღნიშნული პარტნიორობის ფარგლებში უნივერსიტეტი გეგმავს არაერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროგრამის ინიცირებას.
რენში ვიზიტის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ასევე ესტუმრნენ უნივერსიტეტის სტრატეგიულ პარტნიორს - რენის ბიზნესის სკოლას, რომელთან ერთადაც კავკასიის უნივერსიტეტი ახორციელებს სამწლიან ერთობლივ საბაკალავრო პროგრამას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით. ამასთანავე, მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში, როგორც სტუდენტთა, ასევე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის მიმართულებით.
კავკასიის უნივერსიტეტი განაგრძობს ინტერნაციონალიზაციის პროცესის მხარდაჭერას და აქტიურად მუშაობს ახალ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
