შეხვედრა აბიტურიენტებისთვის - საჯარო გამოსვლის ხელოვნება და საადვოკატო უნარ-ჩვევები სასამართლო პროცესში

14 May 2026

14 მაისს, 17:00 საათზე, სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, ირაკლი შამათავა, აბიტურიენტებისთვის ატარებს შეხვედრას თემაზე: „საჯარო გამოსვლის ხელოვნება და საადვოკატო უნარ-ჩვევები სასამართლო პროცესში“.

 

თანამედროვე სამართლებრივ სივრცეში წარმატებული იურისტისთვის მხოლოდ კანონის ცოდნა აღარ არის საკმარისი. პროფესიული წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ეფექტურ კომუნიკაციაზე, არგუმენტაციის უნარზე, კრიტიკულ აზროვნებასა და საჯარო გამოსვლის კულტურაზე. სწორედ ამიტომ, პროექტი „საჯარო გამოსვლის ხელოვნება და საადვოკატო უნარ-ჩვევები სასამართლო პროცესში“ მიზნად ისახავს აბიტურიენტებისთვის სამართლის პროფესიის სპეციფიკის, საადვოკატო საქმიანობის არსისა და სასამართლო პროცესში ეფექტური კომუნიკაციის მნიშვნელობის პრაქტიკულ ფორმატში გაცნობას.

 

პროექტის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნობიან საჯარო გამოსვლის ძირითად ტექნიკებს, დარწმუნების ხელოვნების პრინციპებსა და იმ პროფესიულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საადვოკატო საქმიანობაში. ყურადღება დაეთმობა სამართლებრივი პოზიციის ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას, სარჩელისა და შესაგებლის მომზადების ძირითად პრინციპებს, მტკიცებულებების მოძიებისა და შეფასების პროცესს, აგრეთვე სასამართლო სხდომისთვის ეფექტიანად მომზადების პრაქტიკულ საკითხებს.

 

შეხვედრას წარუძღვება ირაკლი შამათავა – კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის აფილირებული ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი და ლიცენზირებული ადვოკატი სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.

 

სასწავლო პრაქტიკული შეხვედრის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ადვოკატის პრაქტიკულ საქმიანობასა და იმ პროცესებს, რომლებიც საქმის წარმატებით წარმართვის საფუძველს ქმნის. მონაწილეები გაეცნობიან, თუ როგორ მზადდება სარჩელი და შესაგებელი, რა მნიშვნელობა აქვს სამართლებრივი პოზიციის სწორად ჩამოყალიბებასა და დასაბუთებას, როგორ მიმდინარეობს მტკიცებულებების მოძიება, მოკვლევა და სამართლებრივი შეფასება, ასევე რა როლი აქვს სტრატეგიულ აზროვნებას სასამართლო დავის წარმოების პროცესში.

 

პროექტის მონაწილეები იმუშავებენ პრაქტიკულ კაზუსზე, რომლის საფუძველზეც თავად მოამზადებენ საპროცესო დოკუმენტებს, ჩამოაყალიბებენ არგუმენტირებულ პოზიციებს და შეეცდებიან შესაბამისი მტკიცებულებების იდენტიფიცირებას. აღნიშნული სამუშაო პროცესი მათ შესაძლებლობას მისცემს უკეთ გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადვოკატის საქმიანობაში ანალიტიკური აზროვნება, ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასება, სამართლებრივი ლოგიკა და ეფექტური კომუნიკაცია.

 

პროექტის პრაქტიკული ნაწილი დასრულდება იმიტირებული სასამართლო პროცესით, სადაც მონაწილეები მოირგებენ მოსარჩელის, მოპასუხის, ადვოკატისა და მოსამართლის როლებს. იმიტირებული პროცესი ახალგაზრდებს დაანახებს, თუ როგორ მიმდინარეობს სასამართლო სხდომისთვის მომზადება, ზეპირი პოზიციის წარმოდგენა, სამართლებრივი დავის წარმართვა და სასამართლოს წინაშე არგუმენტირებული მსჯელობა.

 

პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში სამართლის სფეროსადმი ინტერესის გაღრმავება, საჯარო გამოსვლის კულტურის განვითარება და იმ პროფესიული უნარების წარმოჩენა, რომლებიც თანამედროვე იურიდიულ პრაქტიკაში გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს. ინტერაქტიური და პრაქტიკაზე ორიენტირებული ფორმატი მონაწილეებს დაეხმარება განივითარონ არგუმენტაციის, ანალიზის, კრიტიკული მსჯელობის, გუნდური მუშაობისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები.

 

პროექტის დასასრულს გაიმართება დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია, სადაც აბიტურიენტები შესაძლებლობას მიიღებენ უშუალო კომუნიკაციის გზით მიიღონ ინფორმაცია იურიდიული განათლების, საადვოკატო საქმიანობის სპეციფიკისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

 

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.