დაჩი ვერულავას მოხსენების პრეზენტაცია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

8 May 2026

7-8 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ჯანდაცვის პერსპექტივები XXI საუკუნეში“, რომელშიც საქართველოს და მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების მეცნიერებმა, დოქტორანტებმა და სტუდენტებმა უახლესი კვლევები და აქტუალური სამეცნიერო მიღწევები წარმოადგინეს.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტმა დაჩი ვერულავამ წარადგინა მოხსენება „საავადმყოფოების გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში ტრავმული დაზიანებების ეპიდემიოლოგია და სიმძიმე: მულტიცენტრული რეტროსპექტიული კვლევა“.

 

მოხსენების რამდენიმე საკვანძო აქცენტები:

 

კვლევის მიზანი იყო სასწრაფო დახმარების განყოფილებაში მიყვანილი დაზიანებების ეპიდემიოლოგიური პროფილის აღწერა.

 

რეტროსპექტული დაკვირვებითი კვლევა ჩატარდა საქართველოს მრავალპროფილური საავადმყოფოების სასწრაფო დახმარების განყოფილებების ტრავმის რეესტრის მონაცემების გამოყენებით.

 

ძირითადი მიგნებები:

 

დემოგრაფიული დისპროპორცია: მამაკაცებში ტრავმების მაღალი სიხშირე (67%) აიხსნება მათი ხშირი ჩართულობით მაღალი რისკის მქონე საქმიანობებში, როგორიცაა ფიზიკური შრომა და ავტომობილის მართვა.

 

ეკონომიკური აქტივობა და ტრავმა: ტრავმების ძირითადი ტვირთი (51%) მოდის 17-65 წლის ასაკობრივ ჯგუფზე. ეს გლობალური ეპიდემიოლოგიური კანონზომიერებაა, რაც ნიშნავს, რომ ზიანდება საზოგადოების ყველაზე პროდუქტიული სეგმენტი.

 

ვარდნის ფენომენი: ვარდნა (47%) წამყვანი მიზეზია, რაც განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფებად ბავშვებსა და ხანდაზმულებს აქცევს.

 

გეოგრაფიული უთანასწორობა: სოფლის რეგიონებში პაციენტთა 72% დახმარებას 4 საათზე მეტი დაგვიანებით იღებს, რაც ინფრასტრუქტურულ გაუმართაობასა და ჯანდაცვაზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობაზე მიუთითებს.

 

სასწრაფო დახმარების ეფექტიანობა: სასწრაფო დახმარების სისტემა მნიშვნელოვან როლს ასრულებს "ოქროს საათის" დაცვაში - მისი საშუალებით მიყვანილი პაციენტების 84.3% ჰოსპიტალში 1 საათზე ნაკლებ დროში ხვდება.

 

რეკომენდაციები:

 

პრევენციული პოლიტიკა: აუცილებელია მიზნობრივი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რომლებიც ორიენტირებული იქნება საგზაო უსაფრთხოებაზე, სამუშაო გარემოს რეგულირებასა და რისკ-ქცევების შემცირებაზე.

 

ცნობიერების ამაღლება: საჭიროა საგანმანათლებლო კამპანიები ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის ვარდნის რისკების პრევენციის მიზნით.

 

სოფლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება: რეგიონებში ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება და ტრანსპორტირების დროის შემცირება.

 

გადაუდებელი განყოფილებების ოპტიმიზაცია: არასასწრაფო (მსუბუქი და საშუალო სიმძიმის) პაციენტების მართვა უნდა მოხდეს ამბულატორიულ დონეზე, რათა თავიდან ავიცილოთ გადაუდებელი დახმარების განყოფილებების გადატვირთვა.

 

მონაცემთა სისტემატიზაცია: ქვეყანაში უნდა შეიქმნას ტრავმების სრულყოფილი და ინტეგრირებული რეგისტრაციის სისტემა მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დასაგეგმად.