ეკა აკობია კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, აფილირებული პროფესორი და პროგრამების აკადემიური ხელმძღვანელია. მას საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის სფეროში მრავალწლიანი აკადემიური, კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. იგი ფლობს დოქტორის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის ხარისხს ბეილორის უნივერსიტეტისგან (აშშ) და ბაკალავრის ხარისხს პოლიტიკის მეცნიერებაში, ჰართვიკის კოლეჯისგან (აშშ).
მას გავლილი აქვს საერთაშორისო სასერტიფიკატო და პროფესიული პროგრამები ხარისხობრივი კვლევის მეთოდოლოგიის (Institute for Qualitative and Multi-Method Research, Syracuse University), ევროკავშირის ინტეგრაციის (University of Rome Tor Vergata), კონფლიქტების ტრანსფორმაციის (University of Fribourg) და ნატოს სწავლების (NATO Studies Center) მიმართულებით.
წლების განმავლობაში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2005-2024), ხოლო კავკასიის უნივერსიტეტში ასწავლის 2016 წლიდან დღემდე. იგი ასწავლის საერთაშორისო ურთიერთობების თეორიებს დოქტორანტურის საფეხურძე, შესავალს საერთაშორისო ურთიერთობებში ბაკალავრიატის საფეხურზე. ასევე, პერიოდულად ასწავლის კვლევის დიზაინს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და გაეროს სამშვიდობო ოპერაციებს.
იგი 2005–2016 წლებში საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციებზე, მათ შორის იყო აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის დეპარტამენტის დირექტორი, ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე. საჯარო სამსახურში მუშაობის განმავლობაში მიღებული აქვს სამსახურებრივი ჯილდოები საქართველოს ეროვნული ინტერესების სხვადასხვა მიმართულებების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის.
2023–2025 წლებში იყო NISPAcee-ის არჩეული პრეზიდენტი და დღემდე არის ორგანიზაციის მართველი კომიტეტის წევრი.
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით იგი სხვადასხვა წლებში ახორციელებდა საგანმანათლებლო გრანტებს, როგორიცაა აკადემიური წერის სერვისებისა და სტუდენტური სერვისების განვითარება (Erasmus+ CBHE INTEGRITY); მშვიდობის კვლევების სწავლებისა და კვლევის განვითარება საქართველოში (Erasmus+ CBHE PESTUGE) და ევროკავშირის პოლიტიკების ტრანსპოზიცია საქართველოში (Jean Monnet Center of Excellence EUPOLTRANS).
