თენგიზ ვერულავას და დაჩი ვერულავას ნაშრომი ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა

29 ოქტომბერი 2026

ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში Clinical Medicine & Research გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ ვერულავას და ამავე უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის სტუდენტის, დაჩი ვერულავას ნაშრომი - “Injury Epidemiology in Emergency Departments in Tbilisi, Republic of Georgia: A Multicenter Study” (ტომი 24, ნომერი 3, გვ. 123–136).

 

ნაშრომი მომზადდა კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის თანამშრომლობით.

 

კვლევის მიზანი იყო გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტებში ტრავმებისა და დაზიანებების ეპიდემიოლოგიური პროფილის შეფასება. რეტროსპექტული მულტიცენტრული კვლევა ჩატარდა თბილისის მრავალპროფილურ საავადმყოფოებში და მოიცავდა 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ 12 563 შემთხვევას.

 

კვლევის მიხედვით, პაციენტთა 67% მამაკაცი იყო, ხოლო შემთხვევათა 51% - 17–65 წლის ასაკობრივ ჯგუფში. დაზიანების ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენდა დაცემა (47%) და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები (16%). ყველაზე ხშირად დაფიქსირდა დაჟეჟილობა და მოტეხილობა, ხოლო დაზიანების ყველაზე გავრცელებული ლოკალიზაცია იყო ზედა კიდურები და თავის არე. შემთხვევათა 40% საცხოვრებელ გარემოში მოხდა. პაციენტთა 62% გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში სასწრაფო დახმარების ტრანსპორტირებით მოხვდა, ხოლო თითქმის ნახევარი (48.2%) - დაზიანებიდან ერთი საათის განმავლობაში. პაციენტთა 20.1% საჭიროებდა ჰოსპიტალიზაციას ან ინტენსიურ მკურნალობას.

 

მრავალფაქტორულმა ანალიზმა აჩვენა, რომ საგზაო-სატრანსპორტო დაზიანებები მნიშვნელოვნად ზრდიდა ჰოსპიტალური მკურნალობის საჭიროებას. ჰოსპიტალური მკურნალობის უფრო მაღალი ალბათობა ასევე გამოვლინდა 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებსა და სოფლის ტერიტორიაზე მიღებული დაზიანებების შემთხვევაში.

 

კვლევის შედეგები ხაზს უსვამს საქართველოში ტრავმების პრევენციის, საგზაო და საყოფაცხოვრებო უსაფრთხოების გაძლიერების, პრეჰოსპიტალური გადაუდებელი დახმარების გაუმჯობესებისა და დაზიანებათა სტანდარტიზებული ეროვნული ზედამხედველობის სისტემის განვითარების აუცილებლობას.

 

ჟურნალ Clinical Medicine & Research გამომცემელია Marshfield Clinic (აშშ). ჟურნალი ინდექსირებულია SCOPUS-სა (2.1 CiteScore) და სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში და SCImago Journal & Country Rank-ის მიხედვით მიეკუთვნება Q2 კვარტილს. ჟურნალის სტატიები ასევე არქივდება PubMed Central-ში.

 

სტატიის ბიბლიოგრაფიული მონაცემები:

 

Verulava T, Verulava D. Injury Epidemiology in Emergency Departments in Tbilisi, Republic of Georgia: A Multicenter Study. Clinical Medicine & Research. 2026;24(3):123–136. DOI: https://doi.org/10.3121/cmr.2026.2098

 

სტატიის ბმული.