25 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა Huawei Georgia-ს წარმომადგენლებს, რომლის ფარგლებშიც მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული თანამშრომლობის შესაძლებლობები ციფრული ტრანსფორმაციისა და „სმარტ“ განათლების გადაწყვეტილებების მიმართულებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ორივე მხარის მაღალი დონის წარმომადგენლები. Huawei-ის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ Huawei თბილისის გენერალური მენეჯერი ლუ პენგჰონგი, HR-ის ხელმძღვანელი ქეთევან ორმოცაძე, EBG გადაწყვეტილებების დირექტორი ჰუ კევეი, კომერციული გაყიდვებისა და პარტნიორული განვითარების ხელმძღვანელი თინათინ სოხაძე და უფროსი გადაწყვეტილებების მენეჯერი თორნიკე კალიაშვილი. კავკასიის უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუა, ტექნოლოგიების სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე და პროფესორი მაქსიმ იავიჩი.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს კავკასიის უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის მიმდინარე პროცესი და იმსჯელეს განათლების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობებზე ინოვაციური „სმარტ“ და ჰიბრიდული სწავლების მოდელების მეშვეობით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე „სმარტ კამპუსის“ ეკოსისტემის განვითარებას, რომელიც მოიცავს სწავლების, სწავლისა და კამპუსის მართვის პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციას.
დისკუსიამ წარმოაჩინა ძლიერი ორმხრივი ინტერესი გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბების მიმართულებით კავკასიის უნივერსიტეტსა და Huawei-ის შორის. ასევე, Huawei-ის გლობალური საგანმანათლებლო ეკოსისტემისა და აკადემიის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა.
აღნიშნული თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ციფრული ინოვაციების განვითარების და საერთაშორისო პარტნიორობების გაძლიერების პროცესში უმაღლესი განათლების სფეროში.
